სემინარი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა შტეფენ ელგერსმა გახსნეს.
ამგვარი სამუშაო შეხვედრა საქართველოში პირველად იმართება. ის მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას ისახავს.
სამი დღის განმავლობაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 80-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე სინდიკატებში იმსჯელებს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმართულებებია: შესყიდვები, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), ლოგისტიკა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, თავდაცვის ინსტიტუტიური აღმშენებლობის სკოლა (DIB), სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები, კონტრმობილურობა, საზღვაო უსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კრიზისების მენეჯმენტი და ოპერაციული დაგეგმარება.
მასალის გამოყენების პირობები






