ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ოპოზიცია ყურადღებას მედია თავისუფლებასა და რუსთავი 2-ის საქმეზე გაამახვილებს. საუბარი იქნება ე.წ. მოსმენების კანონზე, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასა და მისი არჩევის წესზე:
„დავსვამთ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს და ბუნებრივია, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ მსჯელობა, რომელიც გარდა ხელისუფლებისა, არავის მოწონს ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
ოპოზიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვანია, ოპრეზიდენტს ქვეყანაში მხოლოდ სიმბოლური როლი არ დარჩეს:
„მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს პრეზიდენტის არჩევითი ინსტიტუტი და ამავე დროს, გაჯანსაღდეს საარჩევნო კანონმდებლობა, ვინაიდან, შეუძლებელია 48%-იანი მხარდაჭერის პირობებში, 83%-იანი მანდატები გადაინაწილონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა,“-აცხადებს ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ოთარ კახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის ევროსაბჭოს დელეგაციის რეკომენდაციებს გაეცნოს. მმართველი გუნდი აქცენტს გატარებულ რეფორმებზე აკეთებს.
„ჩვენი ყველა რეფორმა მიმართულია რეფორმებისკენ, მიმართულია ევროპულ სტრუქტურებთან და ევროპელ ჩვენს მეგობრებთან ინტეგრაციისკენ. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და ის, რომ ვიზალიბერალიზაცია უკვე არის ღია კარი ევროპაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ წარმატებით ვუძღვებით იმ რეფორმებს, რაც ქართული ოცნების მიერ იქნა დაანონსებული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






