მმათველი გუნდის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავენ. პოლიტიკოსები აღნიშნულ დღეს ისტორიულსა და უმნიშვნელოვანესს უწოდებენ.
„თითოეული მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებს, ხდება საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი კიდევ უფრო მეტად ვიდრე აქამდე, ხდება საკუთარი ქვეყნის ელჩი და ამიტომ გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ გაატარა ყველა საჭირო რეფორმა, თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პოლიტიკოსები მიესალმებიან იმ ფაქტსაც, რომ უვიზო მიმოსვლით სარგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუძლია:
„უვიზო მიმოსვლა არის შესაძლებლობა, რომელიც ეძლევა საქართველოს მოქალაქეს, იმის მიუხედავად ის საოკუპაციო ხაზის რომელ მხარეს ცხოვრობს. ასე რომ, ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ქართული პასპორტი, მას შეეძლება, რომ ისარგებლოს ამ სიკეთით და ვიზის გარეშე გადაადგილდეს ევროპაში,“ - განმარტავს თამარ ხულორდავა.
აღნიშნულ დღეს მოსახლეობას ოპოზიციის რიგებიდანაც ულოცავენ:
„ჩვენ აუცილებლად, ზუსტად ასეთივე ნაბიჯებით უნდა წავიდეთ წინ და გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მოქალაქეებს ამან შეუქმნას სტიმული, რომ ისარგებლონ საქართველოს ამ შესაძლებლობით, ჩვენი ერთიანი შესაძლებლობით, რომ ეზიარონ ევროპულ ამ სიკეთეებს,“ - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია.
მასალის გამოყენების პირობები






