საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით მესაზღვრეები მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთამდე გააფრთხილებენ მოსალოდნელი რისკების შესახებ:
„ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შსს ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 % სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა, მათ შორის საზღვრის ინტეგრირებული მართვა.
მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე-კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამ გვარი შემოწმებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთის თვის საჭირო სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით ამ პირს არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე მას გააფრთხილებს ამის თაობაზე და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






