მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 6 წლის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა მეცნიერებებში არა ერთი ზოგადსაკაცობრიო აღმოჩენა გაკეთდა, საქართველოში სკოლის მოსწავლეები 2011 წლის სტანდარტების მიხედვით სწავლობენ.
აღნიშნულზე „ნიუპოსტთან“ საქართველოსა და განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი საუბრობს. მისი თქმით, განათლების სამინისტრო არ ცდილობს აამოქმედოს ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, რადგან ამისათვის რამდენიმე პუნქტში რესტრუქტურიზაციაა საჭირო. შაშკინი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს უნიათობას, ქართველი მოსწავლეებისა და ახალი თაობის მომავალი ეწირება:
„სკოლის განათლების ხარისხი არის პირდაპირ დაკავშირებული იმ კონტენტთან და შინაარსთან რაც ისწავლება სკოლებში. ბევრი საუბარია იმაზე, რომ სკოლის განათლების ხარისხი დამოკიდებულია მასწავლებლის კვალიფიკაციაზე, სახელმძღვანელოზე და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის შინაარსი, რას ვასწავლით ბავშვბეს სკოლებში, კონტენტს არეგულირებს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა.
ყველა ქვეყანას მთელ მსოფლიოში გააჩნია საკუთარი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა. სავალდებულო სტანდარტები, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ამავდროულად, არსებობს კონსესუსი მთელ მსოფლიოში, რომ 5 წელიწადში ერთხელ ხდება ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვა, იმიტომ, რომ მსოფლიო ვითარდება.
ბოლო ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა ჩვენ 2011 წელს დავამტკიცეთ. მხოლოდ ფიზიკაში კაცობრიობამ ორი ძალიან დიდი ნაბიჯი გადაგა, ერთი არის ჰიქსის ბოზონი და მეორე, ფიზიკაში გრავიტაციის ტალღების არსებობა დამტკიცდა. 5 წელიწადში ერთხელ ყველა ქვეყანამ თავისი შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, ამ ერთიან სასწავლო რეჟიმს უნდა გადახედოს. 2011 წლის შემდეგ, ბოლო ორი წელია ჩვენთან ვერ ხერხდება ახალი გეგმის შეტანა სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ არის დაწერილი, დამტკიცებულია. რეალურად, გვაქვს სიტუაცია, რომ ბავშვები სწავლობენ იმ შინაარსობრივი სტანდარტებით, რომლებიც იყო 2011 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ექვს წელიწადში კაცობრიობა წინ წავიდა. ჩვენი ბავშვები უკვე ჩამორჩებიან იმ შინაარსობრივ სტანდარტებს, რომლებიც არის მიღებული მთელ მსოფლიოში. 21-ე საუკუნეში საქართველოში ბავშვები არა ერთმანეთის, არამედ სხვა ქვეყნების ბავშვების კონკურენტები არიან.
იმის გამო, რომ განათლების სამინისტროს შნო არ გააჩნია, დანერგოს ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, ჩვენი ბავშვები ჩამორჩებიან მსოფლი მიღწევების განვითარებას ზოგადი განათლების კუთხით“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მისივე თქმით, ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ასამოქმედებლად, საჭიროა პედაგოგების გადამზადება და ახალი სახელმძღვანელოების დაწერა, განათლების სამინისტროს კი გამომცემლებისთვს თანხის გადახდა არ სურს:
„ახალი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის დასანერგად, საჭიროა პედაგოგების გადამზადება და ახალი სახელმძღვანელოების შექმნა. მხოლოდ შარშან ტრეინიგებსა და პედაგოგების გადამზადებაზე 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რეალურად კი ეს თანხა დაიხარჯა ყავისა და ჩაის სმაზე, მოგზაურობებში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ფულს ითვისებენ და ეს თანხა არც მიდის პედაგოგებამდე.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, გამომცემლები ახალ სახელმძღვანელოებს არ წერენ, რადგან ვერ აღწევენ შეთანხმებას განათლების სამინსიტროსთან. სამინისტროს სურს, რომ გამომცემლობებმა დაწერონ ახალი სახელმძღვანელოები, მაგრამ არ სურთ ამაში ფულის გადახდა.
განათლების სამინისტროს ამ უსუსურობას, სამწუხაროდ ჩვენი ბავშვების მომავალი ეწირება“, - დასძენს შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






