რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატებისა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის არსებულ ურთიერთკრიტიკას, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ეს დემოკრატიული პროცესია“.
"ეს დემოკრატიული პროცესია და სიმართლე გითხრათ, მომწონს ეს ყველაფერი, რადგან ეს არის დემოკრატიული პროცესების რეალობა და არა ის, რომ ხელოვნურად ზონდირებულები ვიყოთ, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ხელისუფლების ძალაუფლებებს შორის ერთ კრიტიკას ვერ გაიგებდით. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებას, მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტი პოლიტიკურ ქარს არის აყოლილი და ქარი საითაც დაუბერავს იმ დროს გამოიყენებს ვეტოს, დააფიქსირებს თავის კრიტიკას. ამ პროცესში მას (პრეზიდენტს) ვხედავ ლიდერს, რომელსაც პასუხისმგებლობის აღება არ სურს და მხოლოდ დამრიგებლური ტონით გამოდის”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის პირველი პირი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო უწყებების პოზიციებით არ ინტერესდება და მხოლოდ „არასამთავრობოებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება“.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჩვენთან საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი განცხადებები არაეთიკურია.
„პრეზიდენტი, როგორც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც გარკვეულწილად პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ვფიქრობ მინიმუმ სახელმწიფო უწყებების პოზიციებს უნდა გაეცნოს. მე დავინახე, რომ პოზიციების გაცნობის ნაცვლად ის უფრო მეტს უსმენს არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი მე ვიყავი და იმის ნაცვლად რომ ჩვენ შეგვხვედროდა და დაინტერესებულიყო რატომ ავირჩიეთ ეს მოდელი, ადგა და ვეტო ისე გამოიყენა, რომ შეხვდა არასამთავრობოებსა და ოპოზიციას. ეს ადამიანები მეტ ნაკლებად დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ. უსაფრთხოებაზე კი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, უმრავლესობას აქვს. პრეზიდენტი მე თუ არ მომისმენს, რომელიც მართავს ქვეყანას... ვერ მივიღებ ისეთ მიდგომებს - მეხუთე ეშელონი, ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებისგან არაეთიკურ მიდგომებს. გაგიგიათ, პარლამენტის ადმინისტრაციის უფროსს პრეზიდენტი გაუკრიტიკებია?”- განმარტა სესიაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინიატრაცია თავისი განცხადებებით თვითონ ახდენენ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას.
„თუ პრეზიდენტს ჰგონია, რომ ვიღაცა გიორგი მარგველაშვილს ებრძვის, ეს არის სრული აბსურდი. თუ ვინმეს ჰქონია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ვებრძვით, ესეც სრული აბსურდია. ხანდახან მეჩვენება, რომ თავისი განცხადებით და ადმინისტრაციის მოხელეების განცხადებებით უფრო ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ვიდრე ჩვენი თუნდაც პოლიტიკური კრიტიკით”- აღნიშნა მან.
მმართველი პარტიის წევრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ფაქტობრივად საპარლამენტო მოდელს ეწინააღმდეგება. სესიაშვილი ამბობს, რომ მას მარგველაშვილისგან მეტი მოლოდინები ჰქონდა.
,,გიორგი მარგველაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. დიდი მოლოდინი მქონდა, რომ ის იქნებოდა ის პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე ძალიან სწორ დემოკრატიულ პროცესში, რაც ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო გადაქცევას გულისხმობს, ექნებოდა ჯანსაღი პოლიტიკური პოზიცია. იქნებოდა ის პრეზიდენტი, რომელიც საპრეზიდენტო ინსტიტუტს კი არ ჩაებღაუჭებოდა, არამედ იტყოდა, რომ მე ვარ პრეზიდენტი მაგრამ ვთვლი, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი კი არ უნდა აირჩიონ, არამედ უნდა დაამტკიცონ. ეს იქნებოდა სწორი მიდგომა. თუმცა ის (მარგველაშვილი) ისე ჩაეჭიდა პრეზიდენტის არჩევას, რომ ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკის იდეას ეწინააღმდეგება" - განაცხსდა სესიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მმართველი ძალის განცხადებებს გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ქვეყნის პირველი პირმა მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს შოუ უწოდა. მან განაცხადა, რომ იგი ამ შოუში ჩართვას არ აპირებს, რადგან ეს ყოველივე ქვეყანაში არსებული სერიოზული პრობლემების გადაფარვის მცდელობაა.
მასალის გამოყენების პირობები






