ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემს, რაც დეპუტატის თქმით, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია.
"ხელისუფლების დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ გადავიდა ყოველგვარი პოლემიკისა თუ ეთიკის ზღვარს. ამას შორს მიმავალი გეგმები და მიზეზები აქვს. პირველი: მმართველი ძალის სურვილია პრეზიდენტი მათ მიერ არჩეული და მორჩილი იყოს, მას არ უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია და უნდა იყოს ერთი უწყინარი, უჩინარი სახე, რომელიც ხელისუფლებისთვის პოლიტიკური კომფორტის შემქმნელი იქნება.
მეორე მიზეზი პრეზიდენტზე სეზონური შეტევებისა არის ის რომ, ხელისუფლება ამ გზით პრობლემების გადაფარვას ცდილობს. როგორც კი ხელისუფლებას პრობლემები წარმოექმნება, მაშინვე აქცენტების გადატანა ოპოზიციაზე ხდება, რომელსაც ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში ამყოფებს. აბრალებს რაღაცებს. მაგალითად, როგორც ბათუმის შემთხვევაში მოხდა, სადაც ხელისუფლების აბსოლუტური უსუსურობისა და ხელისუფლების შიდა კონფლიქტების გამო დაარბიეს ქალაქი. "ქართული ოცნება" ამ შემთხვევაშიც შეეცადა ოპოზიციისთვის გადაებრალებინა ყველაფერი, თუმცა არ გამოუვიდა. ასე ხდება პრეზიდენტთან დაკავშირებითაც, ამით ხელისუფლებას სურს საინფორმაციო ველში ეს დაპირისპირება იყოს მთავარი და არა ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს.
მესამე მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებას სურს მაქსიმალურად დააშინოს, შეუქმნას არაკომფორტული მდგომარეობა, რომ მან (პრეზიდენტმა) არ გაბედოს ისეთ მტკივნეულ და ხელისუფლებისთვის აშკარად წამგებიან საკითხებზე რეაგირება, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
პრეზიდენტის პირადი შეურაცხყოფა და მისი ოჯახის მიმართ მუქარა, არის პოლიტიკური ბერკეტი, რათა პრეზიდენტმა თავისი პირდაპირი კონსტიტუციური უფლებები არ შეასრულოს.
ბოლოს, პრეზიდენტზე ზეწოლას ფსიქოანალიტიკური მიზეზები აქვს - ვიღაცას ვიღაცა არ უყვარს. და ეს სიყვარულ-სიძულვილის პრობლემები გადაიქცა ქვეყნის მმართველობის პრობლემად"- განაცხადა "ნიუპოსტთან" რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი მმართველი ძალის განცხადებებს გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ ,,არის მცდელობა ვეტო იქნას წარმოდგენილი, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება".
მასალის გამოყენების პირობები






