საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების გეგმები.
სხდომის შესახებ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა:
„ყველა ის პროცესი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს არის გამოწვევა როგორც საქართველოსთვის, თუმცა, ის, რაც აფხაზეთში ხდება და ეს უკავშირდება ისევ რუსეთის მილიტარიზაციას რეგიონისა, ცხადია ეს გამოწვევები მიმართულია მთლიანად შავი ზღვის რეგიონის არქიტექტურის შესუსტებისკენ. ეს არის კომპლექსური საკითხი და ამ საკითხში საქართველო მარტო არ არის, შესაბამისად ჩვენ ისიც განვიხილეთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ თავის პარტნიორებთან ერთად, რათა ასეთი საფრთხეები შემცირდეს“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






