საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების გეგმები.
პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი შეეხო ასევე ბრიუსელში დაგეგმილ NATO -ს სამიტს და სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელ ნაბიჯებს.
„ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში, განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებისკენ მიმართული გეგმები და პროცესები, განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელი ნაბიჯები. ბრიუსელის სამიტზე მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები არიან მიწვეული. შესაბამისად, საქართველოს წინაშე დგება მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ კოორდინირებულად თავდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერმა, პრეზიდენტმა ერთად იმოქმედონ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით საქართველოს საკითხს მიექცეს შესაბამისი ყურადღება ამ სამიტზე”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
მასალის გამოყენების პირობები






