კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს მთავრობა რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს 26, 27 და 28 მარტს. მისივე თქმით, იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები საბაჟო კონტროლის წესთან დაკავშირებით.
„28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება და როგორც მოგეხსენებათ, ყველა საკანონმდებლო პროცედურა არის უკვე დასრულებული, ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე, როდესაც ადამიანი მიემგზავრება, იმ სამი თვის გასვლის შემდეგ, რომელიც არის გათვალისწინებული უვიზო მიმოსვლის პროცედურებით, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და ინფორმირება მოხდება იუსტიციის სამინისტროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ ესა თუ ის პიროვნება ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში და სწორედ ამ დროს, ჩვენ ცირკულარულად გავგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და პროაქტიურად ჩვენი მხრიდან დავიწყებთ ამ ადამიანის მოძიებას.
ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






