მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს საქართველოს საერთაშორისო სამართლით აღიარებული ტერიტორიების ოკუპაციას, რისი კიდევ ერთი მაგალითია ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანების პროცესი.
ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ "საქართველოს ხელისუფლება არ ახდენს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას აგრესიის ფაქტებზე, სათანადოდ არ იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორ ქვეყნებთან და სადამკვირვებლო მისიებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტებს, რაც იწვევს ოკუპაციის თემის დეაქტუალიზაციას".
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმართვაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დემოკრატიულმა სამყარომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ მკვეთრი და ქმედითი რეაგირების მოახდინოს რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის ამ ქმედებებზე, რადგან ამ პროცესმა შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და მოუწოდებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას და უშიშროების საბჭოს, ევროპის კავშირს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ევროპის საბჭოს, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და სახელმწიფო დეპარტამენტს, გამკაცრდეს რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული სანქციები, როგორც რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავების ყველაზე ქმედითი მექანიზმი.
გთავაზობთ აღნიშნული მიმართვის ტექსტს:
"საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი
წინამდებარე მიმართვით, საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ზიანს აყენებს რეგიონალურ უსაფრთხოებას.
რუსეთის ფედერაცია დღემდე ახდენს 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების უგულვებელყოფას, განაგრძობს ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევას, რაც საქართველოს ტერიტორიების ღია და აშკარა ანექსიის ფორმას იღებს.
ზემოთქმულის კიდევ ერთი მაგალითია მიმდინარე თვეში რუსეთის პრეზიდენტის, ვ. პუტინის განკარგულებით, ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანების პროცესის დასაწყისი.
რუსეთის ფედერაცია ასევე ზრდის რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში საკუთარ სამხედრო ძალას და ქმნის რუსეთის შეირაღებული ძალების დანაყოფებს, რაც მიმართულია მისი საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სამხედრო შესაძლებლობების გაერთიანებაზე შავი ზღვის აკვატორიაში. არსებობს ინფორმაცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით c-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განლაგების თაობაზე.
გრძელდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცების და დაკავების ფაქტები ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებიდან.
დაწყებულია საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა, რაც ემსახურება რუსეთის მხრიდან ოკუპაციის დაკანონებას და ზრდის რუსეთის მიერ რეგიონში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობებს.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ ახდენს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას აგრესიის ფაქტებზე, სათანადოდ არ იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორ ქვეყნებთან და სადამკვირვებლო მისიებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტებს, რაც იწვევს ოკუპაციის თემის დეაქტუალიზაციას.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რუსეთის ფედერაციის დაუსჯელი ქმედებები და მიმდინარე ანექსია განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო და სახელმწიფო ინტერესებთან შეუსაბამო ქმედებებით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, გვსურს, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მივაპყროთ რუსეთის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ღია ანექსიას წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სამყაროს და საერთაშორისო თანამეგობრობის მკვეთრი და ქმედითი რეაგირების გარეშე, ამ პროცესმა შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას და უშიშროების საბჭოს, ევროპის კავშირს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ევროპის საბჭოს, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და სახელმწიფო დეპარტამენტს, გამკაცრდეს რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული სანქციები, როგორც რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავების ყველაზე ქმედითი მექანიზმი.
ქართველი ხალხის მიერ არაერთგზის იქნა დადასტურებული ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ურყევი ნება, რაც წარმოადგენს ერთადერთ გზას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და დემოკრატიის განსამტკიცებლად. რუსეთის პოლიტიკა აქტიურად ეწინააღმდეგება ამ ამოცანის განხორციელებას, რითაც საფრთხეს უქმნის არამარტო რეგიონულ უსაფრთხოებას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობას."
მიმართვას ხელს აწერენ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს დემოკრატიული პარტია, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, რეფორმატორები, პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის", საქართველოს ევროპელი დემოკრატები, ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია". "ახალი ერთობა საქართველოსთვის", სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის".
მასალის გამოყენების პირობები






