ამერიკელმა კონგრესმენებმა, რომლებიც საქართველოში ერთი წლის წინ იმყოფებოდნენ, ვაშინგტონში აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
მათი განცხადებით, შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. კონგრესმენები ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. მათივე თქმით, საქართველო განვითარების სწორ გზაზე იმყოფება.
კონგრესმენები ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რუსულ ოკუპაციას მიიჩნევენ. ასევე, საუბრობენ ერთ-ერთ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა იმყოფება და ამ პრობლემად ისინი ეკონომიკის მდგომარეობას ასახელებენ. მათი განმარტებით, ამ მიმართულებით ქვეყანამ აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც საქართველოში დაგვხვდა, ჩვენ ვნახეთ ქვეყანა, სადაც დინამიური დემოკრატიაა, ქვეყანა, რომელიც დიდი ზეწოლის ქვეშაა, ვგულისხმობ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, მიუხედავად ამ ზეწოლისა, ქვეყნის დემოკრატია ვითარდება, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან მჭიდრო კავშირებია, ვიზიტის ფარგლებში ვეწვიეთ ნატო-ს ტრენინგცენტრს, შესაძლოა საქართველო არ არის ნატო-ში, მაგრამ ნატოა საქართველოში. შეერთებული შტატებიც და დასავლური ქვეყნებიც აღიარებენ იმას, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენზე საქართველოს წვლილი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რომელიც მას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვს, საქართველო არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ყველა იმ ქვეყნის მოკავშირეა, ვინც გლობალური უსაფრთხოებისთვის იბრძვის“, - განაცხადა კონგრესმენმა პიტერ როსკამიმ.
მასალის გამოყენების პირობები






