მენაბდის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია რომ დავაჯგუფოთ, მას აქვს, კომპლექტაციის უფლებამოსილებები, ფორმალური უფლებამოსილებები და სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კომპლექტაციის უფლებამოსილებები, ანუ ის კომპეტენციები, რომლითაც პრეზიდენტი ნიშნავს კონკრეტული თანამდებობის პირებს ან მონაწილეობს ამ თანამდებობის პირების გამწესებაში. ეს მიმართულება უნდა გაძლიერდეს და ჩვენ არსებითად უნდა შევინარჩუნოთ.
რაც შეეხება დანარჩენ კომპეტენციებს, დღესაც არის კონსენსუსი იმაზე, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება არის შესაკვეცი. მაგალითად მას აქვს უფლებამოსილება, ვეტო დაადოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ჩემი აზრით, ეს უფლებამოსილება მას არ უნდა ჰქონდეს. ასევე, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, მთავრობის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა. შესაძლებელია, ეს უფლებამოსილებაც შეიკვეცოს, მაგრამ საერთო ჯამში, პრეზიდენტის არჩევის წესმა არ უნდა მოახდინოს გავლენა მის ისეთ კომპეტენციებზე, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი ინსტიტუტების შექმნას“ - განაცხადა მენაბდემ.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესს, ვახუშტი მენაბდე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს უჭერს მხარს.
პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა და არჩევის წესის შეცვლა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე დღის მთავარი საკითხებია.
კომისიის სხდომა ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






