აღდგენითი სამუშაოების პარალელურად კი დღემდე არ არსებობს მთავარ კითხვაზე პასუხი: რა მოხდა რეალურად 11 მარტს ბათუმში. ვინ მოახდინა აქციის მონაწილეების პროვოცირება, რომლებიც სეპარატისტულ განცხადებეთან ერთად, ვანდალურ ქმედებებსაც არ მოერიდნენ.
საბოლოოდ, ყველაფერი პოლიციასთან შეტაკებითა და საკუთარი ქალაქის გადაწვით დასრულდა.
იყო თუ არა აჭარის შუაგულში განვითარებული უკიდურესად მძიმე მოვლენები სოცილური ნიშნით დაწყებული აქცია ?! თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაციასთან გვაქვს საქმე, რომლის უკანაც გარე ძალები დგანან?!
სანამ გამოძიება დაპირიპირების მიზეზზე სდუმს, საკითხზე არაერთი ვერსია ვრცელდება, მათ შორის აქტიურად საუბრობენ ბათუმში უსაფრთხოების სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის არსებულ დაპირისპირებაზე.
ძალოვანებს შორის არსებულ უთანხმოებას არ უარყოფს თავად სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახი. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს გადასცემენ იმ ვიდეოფირს, სადაც რამდენიმე დღის წინ სუს-ის თანამშრომლის ძმასა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირებაა ასახული.
კითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. NGO-ები ბათუმში ძალადობის ფაქტების გამოძიებას და მიზეზთა დადგენას ითხოვენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლებს აინტერესებთ, ვინ არის მერაბ ღოღობერიძე, რომელიც 11 მარტის მოვლენებამდე, აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს დისკრიმინაციული განცხადებების გამო აკრიტიკებდა.
„ნიუპოსტმა“ საკითხზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაწერა. მისი თქმით, თემატიკა, რომელიც აქციაზე ტრიალებდა, სახელმწიფოებრივად სახიფათოა.
"როდესაც მსგავსი პროცესები ვითარდება უნდა გახსოვდეს, რამდენად მაღალი რისკის შემცველია ეს ყველაფერი. საქმე ეხება რეგიონს, სადაც უცხო ქვეყნის ინტერესები მაღალია, მით უფრო, მას შემდეგ რაც საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს, „ნატო“-ს შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის განხორციელებაში.
შეგახსენებთ, 10 დღით ადრე, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი სტუმრობდა. გაირკვა, რომ საქართველო ერთვება შავი ზღვის უსაფრთხოების, ნატოს ახალ სტრატეგიაში, რომელსაც ალიანსი ბოლო წელიწადნახევარია აქტიურად ამუშავებს და მასში როგორც ნატოს წევრი, ასევე ალიანსის არაწევრი, პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთანავე, მინდა გავიხსენო ჩვენთვის საბედისწერო 2008 წლის, მიუნხენის კონფერენცია, როდესაც პუტინმა პირველად და ძალიან ხმამაღლა დააფიქსირა რუსეთის ამბიცია შავ ზღვასთან დაკავშირებით. მან ღიად თქვა, რომ შავი ზღვა რუსეთისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა და რუსეთი ნატოს შემდგომ გაფართოებას შავი ზღვის რეგიონში არ დაუშვებს.
აი, ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი ინტერესების შუაგულში მდებარეობს საქართველო და განსაკუთრებული დატვირთვა მოდის შავი ზღვის რეგიონზე. გამომდინარე აქედან ნებისმიერი რისკის შემცვლელი მოქმედება აჭარაში ძალიან დიდი კონფლიქტის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.
მე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ, რომ იქ რაც მოხდა იყო რუსეთისგან პროვოცირებული, რადგან საბოლოო ჯამში ბათუმში განვითარებული პროცესი არ იყო იმ მასშტაბის, რომ მასში კრემლის ხელი იყოს შესამჩნევი, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ უზარმაზარი ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მიმართ ერთის მხრივ რუსეთის და მეორეს მხრივ ნატოსგან არსებობს, აჭარა დღეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი; რომ აჭარაში იყოს სტაბილურობა და რაც მთავარია, უსაფრთხოება მაღალ დონეზე აყვანილი. ეს უნდა ახსოვდეს ყველას, რომელიც რეგიონში თუნდაც სოციალური აქციებით გამოდის. ხელისუფლების მხრიდან, ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაობებია ჩასატარებელი“- განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, სოციალური ქსელების მეშვეობით სეპარატიზმის გაღვივების და ამ მიზნით, საჭირო მითების გავრცელების პირველი მოთელვით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბათუმში აქციამცდე რამდენიმე დღით ადრე.
„ბათუმში განვითარებულ პროცესებს ორ ნაწილად გავყოფდი: პირველი არის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი პრობლემა, პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმას ვგულისხმობ, რომელიც გულშემატკივრებმა გააპროტესტებს. ის, რომ ამ პროცესების დაჭერა აქციის პირველ საათებში ვერ მოხდა, ამაზე პასუხისმგებლობა ბუნებრივია, აჭარის ხელისუფლებას ეკისრება. 3 დღის წინ განვითარებულმა მოვლენებმა გამოაჩინა ის, რომ აჭარის ავტონომიურ ხელისუფლებაში არ აღმოჩდა იმგვარი ავტორიტეტის მქონე პიროვნება, რომელიც უკმაყოფილო ადამიანებთან მოლაპარაკებას შეძლებდა, რომ პროცესი საფუძველშივე ჩამქრალიყო.
მეორე ნაწილს, რაც შეეხება, როცა მოვლენებმა აგრესიული ხასიათი მიიღო, აქ ჩვენ გვესმოდა ძალიან საშიში, სეპარატიზმის გაღვივებისკენ მიმართული განცხადებები, სადაც აშკარად იკვეთებოდა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ, ფსიქოლოგიურად წინასწარ შემზადებულები იყვნენ ამგვარი ტიპის აქციებში მონაწილეობისთვის. ეს ახალგაზრდები ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულები იყვნენ. ამას ადასტურებს ის განცხადებები, რომელიც მათ მიერ ინტერვიუებსა და მის გარეთ გამოიყენებოდა: აჭარლებს ავტონომიას გვართმევენ, გორელი პოლიციელი მოქალაქეების უფლებას ლახავს, აჭარა აჭარლებს და ა.შ.
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ ამზადებდა ამ ახალგაზრდებს ფსიქოლოგიურად, ვინ შეეცადა, ე.წ. თათრების თემით საპროტესტო ტალღის აგორება?! ამ აქციამ ძალიან ბევრი ახალი გამოწვევა ამოიტანა წინა პლანზე. ერთ-ერთი მათ შორის იყო აქციამდე სოციალური ქსელებით გავრცელებული მესიჯები. ბათუმის შემთხვევაში, საქართველოში პირველად სოციალური ქსელები იქნა გამოყენებული სეპარატიზმის ხელშემწყობი მესიჯების გასავრცელებლად, ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა, რომელსაც ქვეყნის შესაბამისმა სტრუქტურებმა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციონ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მხოლოდ იმ ყბადაღებული ღოღობერიძის ინიციატივაა, რომელიც სოციალურ ქსელში ისტერიულად ისროდა ფრაზებს, რომ თითქოს თბილისს სურს, აჭარაში ადამიანის უფლებების შეზღუდვა, ის პირდაპირ აგრესიისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას ბათუმში ჩასული სამართალდამცავების წინააღმდეგ. სწორედ მისი ფრაზები, ისმოდა 12 მარტის ღამეს აგრესიულად განწყობილ ახალგაზრდებში“- განმარტა „ნიუპოსტთან“ ხათუნა ლაგაზიძემ.
ექსპერტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბათუმის პროტესტის მონაწილეთა სოლიდარობის აქციების დაანონსებას, პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას უწოდებს და გამორიცხავს, რომ აქცია ენმ-ს ან მიერ ორგანიზებული იყო.
"ეს იყო მათი პოლიტიკური არაშორსმჭვრეტელობის, უპასუხისმგებლობის გამოძახილი, ნაციონალურ მოძრაობას სულმა წასძლია, იფიქრეს რომ ამ საპროტესტო ტალღას მოაჯდებოდნენ. მაგრამ როგორც კი მათ დაინახეს რეალურად რა პროცესები მიდიოდა, მათ მიერ დაანონსებული აქცია და მოწოდებები შეწყდა. საბოლოო ჯამში, დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად ვთვლი, რომ ეს საპროტესტო აქცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული არ ყოფილა. შიძლება, ვიღაცას შემდეგ გაუჩნდა ამ აქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სურვილი, მაგრამ ის, რომ ეს აქცია ვინმეს თავიდანვე დაეგეგმა, ასეთი რამ ნამდვილად არ იკითხებოდა.
პოლიტიკურ პარტიებს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა მართებთ, მაშინ როცა საქმე ეხება ისეთ მოწყვლად და ფაქიზ რეგიონს, როგორიც არის აჭარა. ნებისმიერი გართულება ჩვენი ჩასაფრებული მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს. პოლიტიკური ძალებისა თუ ხელისუფლების მხრიდან ხელის გაშვერა, აბსოლუტურად ნაადრევია, სანამ არ მოხდება გამოძიების მიერ კომპეტენტური შედეგის დადება "- განმარტა ექსპერტმა.
ლაგაზიძე აღნიშნავს, რომ "როგორც ჩანს ახალგაზრდები, რომელებიც საზოგადოებრივ სხეულში კარგად არ არის ინტეგრირებული, საკუთარ ფუნქციას და დანიშნულებას ვერ პოულობენ ამ ქვეყანაში, გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობის მშვიდობიანი მეთოდი ამოწურულია".
"აქიდან გამომდინარე არ გამოვრიცხოთ, რომ სამომავლოდ პროტესტის გამოხატვის აგრესიული ფორმები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ტენდენცია, რომელიც აუცილებლად შესასწავლია, რომ მან ჯაჭვური სახე არ მიიღეს, რასაც შემდეგ დესტაბილიზაცია შეიძლება მოჰყვეს"- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






