საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის ევროპულ არჩევანზე ისაუბრა. ეკა მიშველაძის განცხადებით პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს, არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე:
„დღეს, კიდევ ერთხელ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ევროპული გზა და ევროპული მომავალი შეუქცევადია. საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი ევროპულ სტანდარტსა და რუსულ სტანდარტს შორის.
1999 წელს ჩვენ უპირობოდ შევუერთდით ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, რითიც განვაცხადეთ, რომ ვიზიარებთ და მზად ვართ დავიცვათ ევროპული ფასეულობები.
ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვაღიარეთ ევროსასამართლოს უზენაესობა და ავიღეთ ვალდებულება კონვენციის ყველა მუხლის შესრულებაზე.
დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამრთლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არასდროს, არც ერთ მთავრობას არ დაუყენებია ეჭვქვეშ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება.
შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს, არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






