"მიმდინარე წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გათამაშდა მორიგი ფარსი -გაიმართა უკანონო წარმომადგენლობითი ორგანოს უკანონო არჩევნები. იმედს გამოვთქვამთ, რომ მას ადექვატურად შეაფასებს არა მხოლოდ თბილისი, არამედ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მთელი ცივილიზებული სამყარო. ეს ბუნებრივიცაა. საერთაშორისო სამართალი კანონიერად ვერ აღიარებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე ოკუპაციისა და ეთნოწმენდა-გენოციდის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთიდან იძულებით განიდევნა მისი მკვიდრი მოსახლეობის სამი მეოთხედი. გარდა ამისა, თვით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, მაგრამ ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებად’’ გამოცხადებული ათეულ ათასობით ეთნიკური ქართველი მოკლებულია ავტონომიური რესპულიკის საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული ,,არჩევნების“ კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში სრულფასოვან მონაწილეობას ვერ ღებულობენ რეგიონში მცხოვრები სხვა მსხვილი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ,,სრულუფლებიანი მოქალაქეები“ არიან და მათი საერთო რიცხოვნობა სულ ცოტა ორჯერ მაინც აღემატება მცირერიცხოვან აფხაზთა რაოდენობას, 12 მარტს ,,არჩეულ“ ე.წ. სახალხო საბჭოში წარმოდგენილი იქნება მინიმუმ 31 აფხაზი, სავარაუდოდ, მხოლოდ სამი სომეხი და, შესაძლოა, ერთი ქართველი. ასეთი ვითარება განპირობებულია ოკუპანტის შორსმიმავალი გეგმებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ეთნიკური ნიშნით ანტაგონიზმის გაღვივებას, ანტიაფხაზური განწყობის შექმნას და საკუთარი ინტერესების შესაბამისად მის წარმართვას.
სამწუხაროდ, უკანონო არჩევნების სერია აფხაზეთში 1996 წლის 23 ნოემბრიდან დღემდე გრძელდება. ყოველი ახალი „არჩევნები“ წარმოადგენს ეთნოწმენდა-გენოციდის დაკანონების მცდელობას, და ეს ხდება ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ წლების განმავლობაში მისი რეკომენდაციებისა და მოთხოვნების აბუჩად აგდებით. საოკუპაციო რეჟიმი თავხედურად აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებების იგნორირებას, რომლებშიც დაგმობილია მსგავსი „არჩევნები“ და არალეგიტიმურად არის გამოცხადებული. როგორც ჩანს, დადგა სიტყვიერი განცხადებებიდან საქმეზე გადასვლის, აფხაზეთში არსებული ვითარების ობიექტური შეფასებისა და სათანადო ზომების მიღების დრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა, გმობენ რა ოკუპაციის, ეთნიკური წმენდა-გენოციდისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პირობებში ჩატარებულ ,,არჩევნებს“, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მსოფლიო თანამეგობრობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს, რათა დაგმოს აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით შექმნილი კატასტროფული ვითარება (რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაა 12 მარტის უკანონო აქტი) და ეს მეტად მტკივნეული საკითხი დაუყოვნებლივ გახდეს გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში პრინციპული განხილვის საგანი"- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






