„ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ“- აცხადებს ქარჩავა საგაზეთო ინტერვიუში.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობს საპატრიარქოს იურისტი.
ედიშერ ქარჩავას თქმით, ერთ-ერთი პირი, რომელიც დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაახლოებული პირია, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილია.
კითხვაზე, აქვს თუ არა იურისტს სხვა ინფორმაცია სოსო ოხანაშვილის ჩართულობის შესახებ, ქარჩავა პასუხობს, რომ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა “არაფერს გამორიცხავს“.
“მე ეს განცხადება იმ მასალებზე დაყრდნობით გავაკეთე, რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა. ამასთან, თვითონ სოსო ოხანაშვილმაც განაცხადა, “რუსთავი 2″-ის ეთერში, რომ შესაძლებელია დამაკავონო და ამ საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ვიყოო. აი, ამ განცხადებების საფუძველზე გავაკეთე მსგავსი შეფასება, ვინაიდან, თუ უნდა დააკავონ, ამ შემთხვევაში, ის, სავარაუდო, ეჭვმიტანილია. რა ხდება საქმის გარშემო, მან (ოხანაშვილმა) უკეთ იცის“- უთხრა „ნიუპოსტს“ ქარჩავამ.
მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის სრული მასალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
„პირთა წრე, რომელიც გერმანიაში პატრიარქთან იმყოფებოდა, ცნობილია გამოძიებისთვის. საზოგადოება და ეკლესია ელოდება გამოძიების მტკიცებულებებს“- აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.
საპატრიარქოს იურისტი პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსს დადებითად ახასიათებს.
„მე მასთან სამსახურეობრივი, კარგი ურთიერთობა მქონდა“- განმარტა იურისტმა.
“ნიუპოსტი“ ილია მეორის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს დაუკავშირდა თუმცა მან ქარჩავას განცხადებებზე საუბარი არ ისურვა:
„ამ საკითხზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
სოსო ოხანაშვილი პატრიარქის დაცვას 14 წლის განმაავლობაში ხელმძღვანელობდა. ის დაკავებული თანამდებობიდან გერმანიიდან უწმინდესის დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდა.
მასალის გამოყენების პირობები






