ბათუმში ორი დღის წინ განვითარებული მოვლენების სრულყოფილი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. გიორგი აბაშიშვილი მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს:
„ვიხილეთ ძალიან სამწუხარო ფაქტები და ვფიქრობ, ამ პერიოდში პოლიციის მოქმედება იყო მაქსიმალურად პროპორციული და იმ პოლიციელების მოქმედების შედეგად, რომლებზეც უშუალოდ ხდებოდა თავდასხმა, ჩვენ თავიდან ავიცილეთ მნიშვნელოვანი დაზიანებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი მოკვლევა, სრულფასოვანი გამოძიება შესაძლო ორგანიზებასა და პოტენციურ შემსრულებლებთან დაკავშირებით და ყველა დაისაჯოს უმკაცრესად,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 11 მარტს საპროტესტო აქცია დაიწყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის გათავისუფლების მოთხოვნით, რაც უკიდურეს დაძაბულობაში გადაიზარდა, 12 მარტს გამთენიისას საჭირო გახდა ვითარების განსამუხტად სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევა, დაკავებულია ათობით პირი.
მასალის გამოყენების პირობები






