საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გუშინ ბათუმში გამართული აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და შესაძლოა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. სახალხო დამცველმა ამ საკითხზე მა სპეციალური ბრიფინგი გამართა,
„საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ქალაქ ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო. ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის ბათუმის ოფისის თანამშრომლები მიმდინარე მოვლენებს ინტენსიურად აკვირდებიან.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ უნდა გაანალიზდეს, რამდენად მზადაა ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები მსგავსი მოვლენების პრევენციისა, დროული და შესაბამისი პასუხი გასცეს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ფართომასშტაბიანი ძალადობის პრევენცია მაინც ვერ მოხდა. უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ჩაატარონ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის და სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით.
„გამოძიებული უნდა იყოს პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი. გამოძიების ფარგლებში უნდა დაგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
მისი აზრით, დაუშვებელია, მსგავსი დაპირისპირებები პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყოს გამოყენებული.
უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში, მოქალაქეებს დაუცველობის შეგრძნება ჰქონდათ და შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება დაგვიანებული იყო.
მასალის გამოყენების პირობები






