"ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო თქვენი წერილი" - კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს წერილით პასუხობს
პოლიტიკა - 18:55, 10 Mar, 2017     14615
ევროპარლამენტარების წერილს, სადაც მათ შეშფოთება გამოთქვეს რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან და საქართველოში მედია-თავისუფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი წერილითვე პასუხობს. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ადლობას უხდის ევროპარლამენტის წევრებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც საქართველოსა და მისი დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი იჩენენ და ამასთანავე აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელობა იყო ევროპარლამენტარების მხრიდან წამოსული კრიტიკა.

კვირიკაშვილის წერილს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, გმადლობთ იმ ინტერესისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ საქართველოსა და მისი დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ევროპული პოლიტიკური პარტიების ჩათვლით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

თქვენ არაერთხელ გაქვთ გამოხატული, რომ მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს და რომ აფასებთ მნიშვნელოვან საგარეო თუ შიდა გამოწვევებთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას. ამის გათვალისწინებით, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო 2017 წლის 7 მარტით დათარიღებული თქვენი წერილი; განსაკუთრებით გამაოცა მასში გამოთქმულმა მძიმე ბრალდებებმა.

ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა შევასრულოთ ჩვენი ხალხის მოთხოვნები და წინსვლას მივაღწიოთ რეფორმების გზაზე, რათა საქართველო იქცეს ევროპული სტილის ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანად, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ფუნდამენტური უფლებების დაცვას და სიტყვის თავისუფლებას, ასევე ხელისუფლების მხრიდან ძალადობის, დევნისა და ზეწოლისგან თავისუფლებას.

მედიის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით, არის ღირებულება, რომელსაც როგორც მთავრობა, ისე საზოგადოება, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ისტორიის არც ერთ სხვა პერიოდში არ ყოფილა შეხედულებათა ასეთი მრავალფეროვნება, აზრთა ასეთი პლურალიზმი და დაუბრკოლებელი ცხარე პოლიტიკური დებატები, რომლებსაც დღეს ვხედავთ ჩვენს მედიასივრცეში. დღეს ქართული მედია უფრო თავისუფალია ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან და უფრო თავისუფლად გამოთქვამს კრიტიკას მის მიმართ, ვიდრე ოდესმე.

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა არც ერთხელ ამ დროის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით, არ შეწყვეტილა მისი მაუწყებლობა და არ განხორციელებულა ზეწოლა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.

თქვენ გვადანაშაულებთ, თითქოს ჩვენ გვინდა ვაქციოთ "რუსთავი-2" „მთავრობისადმი კეთილგანწყობილ კიდევ ერთ ტელეკომპანიად“. ეს არის სერიოზული ბრალდება იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მედიაპლურალიზმს, და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც საერთოდ არ არსებობს მთავრობის მხარდამჭერი ტელეარხები.

მაშინ, როდესაც 2012 წლამდე მხოლოდ სამი ტელეარხი მაუწყებლობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს მათი რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ხოლო 2016 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა და კიდევ უფრო აქტიური დერეგულაციის შემდეგ, დღეს სამაუწყებლო კომპანიის დაფუძნება სულ რაღაც 10 დღეში არის შესაძლებელი, რისთვისაც საჭიროა მხოლოდ განაცხადის მარტივი პროცედურის გავლა და მაუწყებლობის დაწყება. საერთაშორისო რეიტინგები ცხადყოფს ყოველწლიურ გაუმჯობესებას საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ინტერნეტთან დაკავშირებულ კატეგორიებში.

ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ჩვენს ინტერესებშია მისი დაცვა. ამის საწინააღმდეგოდ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

"რუსთავი-2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის წარსულის მემკვიდრეობა, როცა საკუთრების უფლება გამუდმებით ირღვეოდა და თავისუფლება მსხვერპლად ეწირებოდა პოლიტიკურ მიზნებს. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის აღდგენა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სამართლებრივი სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნება იყო ჩვენი ყველაზე გადაუდებელი და რთული ამოცანა. ამ მიზნით, საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი სტრუქტურული რეფორმები, რათა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მიგვეახლოვებინა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუკი გავითვალისწინებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მაგრამ ცხადია, რომ დღეს სასამართლო აღარ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენას და სახელისუფლებო კონტროლს.

ხსენებული მიზნების მისაღწევად, ჩვენ განვახორციელეთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების რამდენიმე ტალღა, რომლებიც მიზნად ისახავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სხვა სასამართლო ინსტიტუტების დეპოლიტიზაციას და დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ჩვენ გავაუმჯობესეთ სასამართლო და დისციპლინური პროცედურების გამჭვირვალობის ხარისხი, შემოვიღეთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და სასამართლოს მუშაობის შეფასების გამჭვირვალე მექანიზმი, უზრუნველვყავით თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობა, უზრუნველვყავით სასამართლო ვაკანსიების შევსება კონკურსის საფუძველზე, ნაცვლად პირდაპირი დანიშვნისა, ასევე დავამკვიდრეთ საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი და განვახორციელეთ სხვა სასამართლოში მოსამართლეთა გადაყვანის რეგულაციების ოპტიმიზაცია.

ჩვენ განვახორციელეთ პროკურატურის რეფორმა და უზრუნველვყავით დამოუკიდებლობა, დეპოლიტიზაცია და ანგარიშვალდებულება ამ უწყებაში, რომელიც წარსულში ძალიან უარყოფითი რეპუტაციით სარგებლობდა.

სწორედ ამიტომ, საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შეტანილი სარჩელების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო, რაც უდავოდ იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და იზრდება ნდობა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და დღეს არა მხოლოდ ვლიდერობთ რეგიონში, არამედ ვუსწრებთ კიდეც ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს.

ჩვენი საქმიანობის ჩამონათვალი, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და განხორციელების და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ჩათვლით, ნათლად მეტყველებს ჩვენი მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

თქვენი და საქართველოს სხვა პარტნიორებისა და მეგობრების შეხედულებებისა და რეკომენდაციებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა მტკიცებულების უგულებელყოფა და საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში, რაც თითქოს ემსახურება მისი მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ გზით დემოკრატიისა და თავისუფალი მედიისთვის დარტყმის მიყენებას, რასაც ემატება ბრალდება სასამართლოს მანიპულაციაში კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მიღების მიზნით - ყოველივე ეს, ჩემი აზრით, უსამართლო და უსაფუძვლოა.

ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება წერტილს დაუსვამს ამ სასამართლო პროცესს, ასევე ამ საქმის გაზვიადებულ პოლიტიზაციას და დაადასტურებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის სიძლიერეს.

გარწმუნებთ, მთავრობა მზად არის თანამშრომლობისთვის, ზრუნავს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვასა და გაძლიერებაზე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფაზე, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე და ღია და პლურალისტური მედიაგარემოს განმტკიცებაზე. მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ევროპული და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე ქვეყნის განვითარების გასაგრძელებლად", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42