საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას მიესალმება. ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების მდივანი, ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, პირდაპირი არჩევის წესი 2018 წელსვე იმიტომ არ გაუქმდა, რომ დღევანდელი პარლამენტის ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებამდე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ „როდესაც პრეზიდენტის მხრიდან რამე მოდის, ეს დაპირისპირების წინაპირობას ქმნის აუცილებლად".
„რა საჭიროა საკითხების დაძაბვა, როდესაც ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და პრაქტიკულად ყველა პარტიას ეთქმის იქ სიტყვა,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი კი ფიქრობს, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს.
მმართველი ძალის განსხვავებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეში 10 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას აპირებენ.
მათი თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებებს საკუთარი სარგებლისთვის ახორციელებს და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას სწორედ ამიტომ გეგმავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ინსტიტუცია, რომელიც ხელისუფლების სხვა შტოებს დააბალანსებს.
"საქართველოში პრეზიდენტი ის პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, რომელიც სხვა შტოებს დააბალანსებს. პრეზიდენტი არის ფუქცია და გარანტი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის. "ქართუყლი ოცნების", ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის მიზანია მთლიანად შეკვეცოს პრეზიდენტის უფლება-მოსილებები და ის თავის მორჩილ ინსტიტუიტად გახადოს"- განაცხადა მინაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია თვლის, რომ უმრავლესობას "არ აწყობს, რომ ხალხმა აირჩიოს პრეზიდენტი".
"არიან ალბათ დარწმუნებული, რომ მათთვის სასურველს აირჩევენ და მათთვის უფრო კომფორტულია, რომ პარლამენტიდან გარანტირებულად ჰყავდეთ არჩეული თავისი კანდიდატი,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახორციელებს.
„პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება განპირობებული იყო თავიდანვე იმით, რომ პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა უმრავლესობის მოსაზრებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებდით, თუკი საქართველოს პრეზიდენტი იქნებოდა მხარდამჭერი მმართველი პარტიისა,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






