დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველის სკანდალურ განცხადებაზე "ნიუპოსტმა" "ციანიდის" საქმის მთავარი მოწმე ჩაწერა.
ირაკლი მამალაძე ირწმუნება, რომ ადვოკატის მონაყოლში "დროსა და სივრცეში აცდენაა". ბრალდების მოწმე ამბობს, მზად არის გამოძიებას ამ მიმართულებითაც მისცეს ჩვენება, თუ საგამოძიებო ორგანოს კითხვები ექნება. მამალაძე იარაღის ქონას საერთოდ გამორიცხავს.
"ძველით ახალ წელს? - არ ვიცი რა პრობლემებზე საუბრობს. ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიებას არ დავუკითხივარ, შესაბამისად არ ვიცი დეტალები რა კითხვები აქვს პროკურატურას. რაც შეეხება იარაღთან ჩემს ურთიერთობას, გეტყვით რომ არანაირი ურთიერთობა არ მქონია არც ერთ ეტაპზე, მითუმეტეს უკანონო, მე გაფორმებული იარაღი არ მქონია. ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როცა ჩემს მეგობარს ე.წ სანადირო თოფის გაფორმება უნდოდა, ამაზეც კი უარი უთხარი. ასე რომ მსგავსი თე,ების გავრცელება, ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აჩენს შთაბეჭდილებას რომ ამ ადამიანებს ძალიან სერიოზულ კითხვებზე შეკითხვები არ აქვთ. მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი გამოსვლისას, როცა პროკურატურა ჰკითხავდა, თქვა, რომ ეს ძალიან სერიოზული საქმე ყოფილა, არსებობს სერიოზული კითხვებიო და ეს არის სერიოზული კითხვა? რომ მე ძველით ახალ წელს დავრბოდი იარაღით და მამაოს მივაბარე და მან ასე მიიბარა? - რა ვიცი რა გითხრათ. თუ იარაღი მე მივიტანე, შორენა თეთრუაშვილს ციანიდი უთხოვია ჩვენ რატომ ვართ გარეთ? სასამართლო არ არსებობს?. ეს მოგონილი თმებია"- აღნიშნა მამალაძემ.
მისი თქმით, ადვოკატის განცხადებებს შორის "დროსა და სივრცეში აცდენაა".
"ჯერ ერთი მე ძველით ახალ წელს სხვა გარემოში, სხვა ადამიანების გარემოცვაში ვიყავი. ან როგორ იყო საქმის მოკვლევა დაწყებული, როცა ორ თებერვალს დაიწყო გამოძიება და პატრიარქი გერმანიაში არ იყო წაყვანილი"- განაცხადა "ნიუპოსტთან" პროკურატურის მოწმემ.
ირაკლი მამალაძე აღნიშნავს, რომ "მის მიერ სასულიერო პირისთვის იარაღის მიბარებას მტკიცებულება სჭირდება".
"თუ მე მივიტანე უნდა არსებობდეს ჩემი დნმ ანალიზი, მოითხოვონ ექსპერტიზები და მზად ვარ დღესვე ჩავაბარო. მამაოსთან სახლში ერთხელ, 2 წუთით ვარ ნამყოფი, როცა გარკვეული მასალები მომაწოდა ეს ხდებოდა თუ არ ვცდები დეკემბრის თვეში. მე მისი სახლი არც კი ვიცი ქობულეთში, თბილისშიც ძლივს მივაგენი, გზაზე თვითონ დამხვდა, რა იარაღზე მაქვს საუბარი. მე მასთან (დეკანოზთან) კონსპირაციულ ადგილებში არ მქონია შეხვედრა, მქონდა შეხვედრები მის კაბინეტში, რესტორანში, დიდ კუპეში სადაც ეს ადამიანები იკრიბებოდნენ. მე მრავალჯერ მოვუწოდე მას, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და უნდა შეიმსუბუქოს ის მძიმე ბრალდება, რაც მის წინააღმდეგ არსებობს"- დასძინა მან.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ირაკლი მამალაძემ სასულიერო პირს არაოფიციალური იარაღი ძველით ახალ წელს მიუტანა.
"მისულა მასთან, პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ, შემინახეო. როცა იარაღი მიუტანა, მაშინ უკვე დაწყებული იყო საქმის მოკვლევა, როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთ მტკიცებულებითო და ირაკლი მამალაძემაც მიუტანა იარაღი. კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა კიდეც, თუ ეს იარაღი არაოფიციალურია, ჩააბარე პოლიციას და მოიშორეო. ცოტა ხანი იყოს შენთან და მერე წავიღებო. სწორედ ეს იარაღი ამოიღეს მამა გიორგის ბინიდან. პროკურატურას ნამუსი რომ ჰქონდეს, ცრუ დასმენისთვის ირაკლი მამალაძეს უნდა აგებინოს პასუხი, ამის ნაცვლად ის დაცვით დადის დღეს და უტიფრად გაიძახის, პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდაო” - აღნიშნავს მიხეილ რამიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






