ქართულ ოცნებას სურს კონსტიტუციაში ცვლილებები საკუთარი სიმპათია-ანტიპათიებით შეიტანოს - ასეთი შეფასება მოჰყჰვა პარლამენტის თავმჯდომარის მუქარას პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციაში.
ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ პარლამენტის თავმჯომარის განცხადება პრეზიდენტზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა.
„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას შეცვლიან იქიდან გამომდინარე, თუ როგორი იქნება ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიციები, ეს არის დაუშვებელი, ეს არის პრეზიდენტზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქარძე კი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ამოსავალი წერტილია არა ქვეყნის ინტერესი, არამედ მათი პირადი სიმპათია, ანტიპათია და კინკლაობაა.
„მთელ ამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ამოსავალი წერტილია არა ქვეყნის ინტერესი, არა კონსტიტუციის გაუმჯობესება, რა ჩვენი ხალხის უკეთესად ცხოვრება, არამედ ქართული ოცნების პირადი კომფორტი, მათი პირადი სიმპათია, ანტიპათია და კინკლაობა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საკონსტიტუციო კომისიის წევრების ნაწილისთვის ირაკლი კობახიძის განცხადება მიუღებელია.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ქვეყნის პირველ პირს დაემუქრა:
„თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე“ - თქვა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






