ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობა საქართველოს პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და მოვალეობის შესრულებას პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს. მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, მთავრობის გადაყენებიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პარლამენტს დადგენილ ვადაში არ წარედგინა ან პარლამენტმა დადგენილ ვადაში მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არა უადრეს 2 და არა უგვიანეს 3 კვირისა, დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. რიგგარეშე არჩევნები იმართება არჩევნების დანიშვნიდან მესამოცე დღეს.
პრეზიდენტი არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ზემოთაღნიშნული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობის დამტკიცებიდან სამი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 3 დღის ვადაში - მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
მასალის გამოყენების პირობები






