როგორც ექსპერტმა "ნიუპოსტს" განუცხადა, ქიბარ ხალვაში, რომელმაც მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის 100% მიაკუთვნა მარიონეტია, რომელიც კრიტიკული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის. გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიექანება.
"უზენაესი სასამართლოს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას სამართლიანობასა და სამართალთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან იმის მტკიცება, რომ რადგან დიდი პალატის ცხრავე მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ეს გადაწყვეტილება ლეგიტიმურია. ფაქტი, რომ უკანონო გადაწყვეტილებას 9 მოსამართლიდან ცრხავემ დაუჭირა მხარი იმას მიანიშნებს, რომ ავტორიტარიზმისკენ მივექანებით. ჯერ არ ვიცი, რა ტემპებით, თუმცა ცალსახად გადაიდგა უარყოფითი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ქიბარ ხალვაში არის ჩვეულებრივი მარიონეტი, რომ საბოლოოდ შეიცვალოს რუსთავი 2- ის სარედაქციო პოლიტიკა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" პაატია გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი საბოლოო ჯამში ქვეყნის იმიჯს შელახავს დასავლეთში.
"ქვეყნის იმიჯი უკვე შეილახა სამწუხაროდ კიდევ უფრო შეილახება და ეს რამე იზოლირებული ფენომენი არ არის, ამის შესახებ არა მარტო პოლიტიკური წრეები ინტერესდებიან, ინტერესდებიან ეკონომიკური წრეები, ეს შეიძლება შეეხოს ინვესტიციებსაც. გუშინდელ დღემდე საქართველო ჯერ კიდევ ,,ჩემპიონი" იყო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეგიონში - აი ეს "ჩემპიონობა" სამწუხაროდ მთავრდება. ჩვენ შეუერთდებით, რიგით ჩაშვებულ ქვეყნებს, სადაც მეთოდურად ინგრევა დამოუკიდებელი ინსტიტუტები. იმ პირობებში, როცა ჩვენ კიდევ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, როცა ეს ინსტიტუტები ჯერ კიდევ ყალიბდება, იყო პრობლემები, მაგრამ დღემდე მაინც ასე თუ ისე შენარჩუნებული იყო დემოკრატიის ტრენდი, თუმცა დღეს შეიქმნა ძალიან დიდი საფრთხე, რომ ეს ტრენდი დასრულდეს"- თქვა გაფრინდაშვილმა.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წევრი მოსახლეობის აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრობს.
"მე ვამბობ, რომ უსამართლობას არ უნდა შეეგუო. დემოკრატიის ნაწილია პროტესტიც და დემონსტრაციებიც. გასაგებია, რასთან ასოცირდება ქუჩა საქართველოში, არავის სურვილი არ არის ის, რომ ადამიანი ქუჩაში იცავდეს თავის სამართალს, მაგრამ ესეც დემოკრატიის ნაწილია, ესეც ადამიანის თავისუფლების ნაწილია და თუ მას სჭირდება ამ თავისუფლების დაცვა, ბუნებრივია, ის უნდა გავიდეს ქუჩაში და დაიცვას თავისი სამართალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არჩევანი გააკეთა არა ქართველმა ხალხმა, არამედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ის არჩევანს არ უტოვებს იმ ხალხს, ვისაც უნდა თავისი ღირსება, ხვალინდელი დღე და ეკონომიკური მომავალი დაიცვას. იმედი მაქვს რომ ხალხი თავის სამართალს დაიცავს"
მასალის გამოყენების პირობები






