მმართველი გუნდის მოსაზრებით უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოდ უნდა გარდაიქმნას და საომარი მოქმედებების დროს იმოქმედოს. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააცნო:
„დღეს გვაქვს სრული აღრევა უფლებამოსილებების, რეალურად მოქმედებს ორგანო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის კომპეტენცია. ანუ კომპეტენცია არის ერთის და გარკვეული ორგანო რჩევას აძლევს მეორეს, რაც არის აბსოლუტური აღრევა და ამაზე აქტიურად საუბრობდნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ და ისევე როგორც დღეს, მას დარჩება უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში უბრალოდ განსხვავებით დღევანდელი მოდელისგან ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მოქმედებების დროს და მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი, საომარი მოქმედებების დროს არის საჭიროება რომ ერთიანი კოორდინაცია იყოს ხელისუფლების მთლიანი მოქმედების. აქედან გამომდინარე სპეციალური მუხლი იქნება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც საომარი მოქმედებების შემთხვევაში ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო, მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი, ეყოლება მუდმივი წევრები და მისი საქმიანობა უზრუნველყოფილი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






