ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, რომელიც ამავე დროს რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საკკოორდინაციო საბჭოს წევრიცაა, ხელისუფლებისთვის რ2-ის გაჩუმება მნიშვნელოვანია, რადგან კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა მათ გარკვეული ქმედებების საშუალებას არ აძლევს. ქარდავამ ამ კონტექსტში ხელისუფლების რუსულ ფლანგზე გააქტიურებაზე გააკეთა აქცენტი.
„ხვალინდელი დღე არის ერთერთი გადამწყვეტი დღე, იმიტომ რომ ხელისუფლებას სურს საბოლოოდ დაასრულოს პროცესი. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ რუსულ ფლანგზე გააქტიურების ფონზე, ხელისუფლებას ბუნებრივია დროზე ჭირდება რუსთავი2-ის გაჩუმება. პროდასავლური, თავისუფალი, კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა მას გარკვეული ქმედებების საშუალებას არ აძლევს.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
აღნიშნული განცხადება ბაჩუკი ქარდავამ დღეს რუსთავი2-ის ხელმძღვანელობის, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პარტიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრაზე მათ ნიკა გვარამიასგან ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. ასევე ისაუბრეს იმ აქციაზეც, რომელიც ხვალ 11:00 საათზე უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი2"-ის და სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






