საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია ხელმოწერილია, - ცერემონიას ევროპარლამენტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
დოკუმენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს ხელი.
„საქართველო არის და იქნება ძალიან სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის ფლანგზე, რომელიც ევროკავშირის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ანტონიო ტაიანის ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და იგი საქართველოში მიიწვია.
ევროპარლამენტში გამართული შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
რეგულაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






