თვითმმართველობის გარანტიების გაზრდაზე დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა.
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი.
„ყველანი შეთანხმებულნი ვიყავით, რომ უფრო დაგვეზუსტებინა და გაგვეზარდა თვითმმართველობის გარანტიები საქართველოს კონსტიტუციით და ყველა ის შენიშვნა, რომელიც შემოდიოდა, შემოდიოდა ამ სულისკვეთებით. ამდენად შედარებით უფრო მარტივად განსახილველიც იყო, ვინაიდან პრინციპზე ვიყავით შეთანხმებულები. გარანტიების დაცვის მექანიზმი დღესაც დევს კონსტიტუციაში, რომ თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ის ჩათვლის, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-71 მუხლს და ზღუდავს თვითმმართველობის უფლებებს, მაგრამ მისი რეალიზაცია იყო რთული, რამდენადაც საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით და იქ შეიძლება, ოპოზიციას არ ეყოს ხმების რაოდენობა. ამდენად, ოპოზიციის ხმა ჩაკარგული იყო ასეთ შემთხვევაში. დაემატა სუბიექტი, ვის შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითქვა, რომ მთელი საქართველოს საკრებულოების, თვითმმართველობის წარმოადგენლობითი ორგანოების 1/5-ს აქვს ამის უფლება. ამდენად, უკვე ოპოზიციასაც სრულიად თავისუფლად შეუძლია, თუ ის მიიმხრობს სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში, მოახდინოს ამ სარჩელის ფორმირება და შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






