ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, იმ წარმოდგენილ ინიციატივებს ეწინააღმდეგებიამ, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ისახავს მიზნად.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით განიხილება საკითხი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის უფლებამოსილება კიდევ უფრო შემცირდეს. კერძოდ უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლის წარდგენისას პრეზიდენტს პრემიერის თანხმობა დასჭირდება:
„იგეგმება მორიგჯერ საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა, მას როგორც ჩანს, შესაძლებელია ჩამოერთვას საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება, კანდიდატებს შეარჩევს იუსტიციის საბჭო, წარმოდგენილი ალტერნატივით, რაც მიუღებელია, ერთის მხრივ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის მხრივ და მეორეს მხრივ ნათელია რომ ეს კვლავ იქნება გამოყენებული ქართული ოცნების მხრიდან სასამართლოზე გავლენის მოსაპოვებლად“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ წარმომადგენლის ლიკა საჯაიას თქმით პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა ცუდად აისახება, როგორც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულობაზეც:
„სამწუხაროდ არის ტენდენცია ზოგადად, რომ პრეზიდენტს დარჩეს ფორმალური უფლებამოსილებები, ანუ რეალურად მის არცერთ უფლებამოსილებას რეალურად არ ქონდეს მნიშვნელობა, რაც რასაკვირველია ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის დემოკრატიულობაზე. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც, რადგან სასამართლო ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანცირებული აღმასრულებელი ხელისუფლებისგან“- განაცხადა საჯაიამ.
ოპოზიციის და არასამთავრობოების კრიტიკას უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა ეკა ბესელიამ, მისი თქმით პრეზიდენტის უფლებამოსილებებში კორექტივების შეტანა, არსებულმა რეალობამ მოითხოვა, რადგან პრეზიდენტი უკვე აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური:
„როდესაც პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მაშინ გასაგები იყო რომ იმ სისტემაში ეს თავსებადი იყო, უკვე მას შემდეგ რაც მთავრობის მეთაური არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერია, უფლებამოსილებების გადანაწილება უნდა დავინახოთ სწორედ ხელისუფლების სამ შტოს შორის გადანაწილების სისტემაში. გარკვეული კორექტივები აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს შეტანილი’- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






