სესიაშვილი ოპოზიციის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
"ქართული ოცნების" ლიდერი ოპოზიციის განცხადებებს "ხელოვნურად ინსპირიპირებულს" უწოდებს.
"ეს თემა ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად ინსპირირებულია, იმდენად, რამდენადაც ჩვენი ხელისუფლების დღის წესრიგში მსგავსი პროექტი არ დგას. თემა, თავისი პოლიტიკური კონტექსტით, ძალიან მგრძნობიარეა - უკავშირდება რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არ არის ჩვენთვის ეკონომიკური პროექტი, ამიტომ თემა აქტუალური არ არის, დღის წესრიგში არ დგას და ამიტომ ოპოზიცია ხელოვნურად ახდენს ამ საკითხის აქტუალიზაციას. როგორც ჩანს, საზოგადოებაში რაღაც განწყობების ჩამოყალიბებას ცდილობენ, რომ ხელისუფლება ფარულ პროექტს ახორციელებს - ასეთი რამ კი არ ხდება"- განაცხადა "ნიუპოსტთან" სესიაშვილმა.
მისი თქმით, "სომხური მხარისთვის რკინიგზის საკითხი ეკონომიკური არტერიაა".
"სომხეთის ხელისუფლება ამ საკითხს ყოველთვის აყენებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ საკითხს ჩვენ დღის წესრიგში ჩავსვამთ, იმ რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რაც ბევრ საკითხს უკავშირდება. როგორც ვთქვი, თემა ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარეა, ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც ოკუპაციასთან, სხვადასხვა ტიპის რისკებთან, საფრთხეებთან და კონტროლის მექანიზმებთანაა დაკავშირებული - ეს ის თემაა, რაც საფუძვლიან შესწავლას და რამდენიმე მხარის პოლიტიკურ მზაობას საჭიროებს, და რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირაა დაკავშირებული. ამის რეალობა დღესდღეობით არ დგას"- განმარტა უმრავლესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში საქართველოსა და სომხეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართა.
კარენ კარაპეტიანმა ლარსის დერეფნის ალტერნატივის გახსნაზე ისაუბრა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






