შავგულიძის განმარტებით ხელისუფლება ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მის გამოყენებას ოპონენტების დასაშანტაჟებლად და დასაშინებლად გამოიყენებს.
ასევე ხაზგასმით საუბრობს იმის შესახებ , რომ აღნიშნული კანონპროექტი პოლიციური სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი და მას რუსული მმართველობის რეჟიმსაც ადარებს.
„ეს, რა თქმა უნდა არ არის კარგი კანონპროექტი. ჯერ ერთი, არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას. ამ შემთხვევაში სუს-ის საგამოძიებო ორგანოა და მის ხელში რჩება. არ აქვს მნიშვნელობა, მისი აიპის სახით დარჩება, თუ უშუალოდ სუს-ის რომელიმე დეპარტამენტის სახელით. სუს-ის სრულ დაქვემდებარებაში რჩება და ამით არ დაკმაყოფილდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა, რაც მიუღებელია. საკონსტიტუციო სასამართლო ეს არის ორგანო, რომელიც ახორციელებს კონსტიტუციის კონტროლს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მისი გადაწყვეტილებები არ გადაისინჯება და თუ ჩვენ გვინდა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები, რაც არ მოხდა.
ეს წესი და მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლომ დააყენა სწორედ იმ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომ საგამოძიებო უწყებას, რომელიც თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მომეტებულად არის დაინტერესებული ინფორმაციის მოპოვებაზე, არ უნდა ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა. ანუ, საერთაშორისო სტანდარტიც დაირღვა. ეს ვერ უზრუნველყოფს ბალანსს, რომელიც ამ შემთხვევაში დაცული უნდა ყოფილიყო. ერთი მხრივ, სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მეორე მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის“,- აღნიშნა შავგულიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“ კანონპროექტი სუს-ს შესაძლებლობას აძლევს, უხეშად ჩაერიოს საკომუნიკაციო კომპანიების საქმიანობაში.
„ეს კანონპროექტი შეიცავს მრავალ სხვა მეტად მანკიერ და არასწორ პოზიციებს. მათ შორის, საკომუნიკაციო კომპანიების საქმიანობის უხეშად ჩარევის შესაძლებლობას აძლევს სუს-ის მეშვეობით. ანუ, სუს-ს ენიჭება უფლებამოსილება, გარკვეული მონიტორინგიც განახორციელოს ამ კომპანიებზე. ასევე, ფაქტობრივად, მოსმენების განხორციელება მატერიალურ ანაზღაურებას ამ კომპანიებს აკისრებენ, რაც მიუღებელია. ჩვენ ვნახეთ კიდეც, როგორი პროტესტი გამოხატეს კომპანიების ხელმძღვანელებმა და მფლობელებმა.
მთლიანობაში, ეს არის პოლიციური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი კანონია. ეს ძალიან ჰგავს, ფაქტობრივად, რუსული მოდელის კალკირება ხდება, როგორც არის დღეს რუსეთში პუტინის რეჟიმის მიერ მოწყობილი ფარული ღონისძიებების განხორციელების მექანიზმი, აი, ისეთი მოდელი შემოგვთავაზეს საბოლოოდ“,- განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, მერვე მოწვევის პარლამენტში ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფს, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე მუშაობდა. შავგულიძე იმ პრაქტიკაზე საუბრობს, რაც ნახსენებ სამუშაო ჯგუფს ჰქონდა.
„თვითონ ის მიდგომა, თუ როგორ იქნა ეს კანონი შემუშავებული, აშკარად მიუთითებდა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდა და მას არ აინტერესებდა არავითარი ბალანსის დაცვა. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ მე წინა მოწვევის პარლამენტში პირადად ვხელმძღვანელობდი სამუშაო ჯგუფს, რომელიც შეიქმნა იურიდიულ კომიტეტთან და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, ვინაიდან ასეთი საკანონმდებლო ბაზა ჩვენ საერთოდ არ გაგვაჩნდა. ამ მუშაობამ მოგვთხოვა ძალიან სერიოზული ჩართულობა. შევქმენით მაგიდა, სადაც იხილებოდა ყველა დებულება, ყველა პოზიცია. ამ მაგიდასთან ისხდა როგორც სახელისუფლებო სტრუქტურის დაინტერესებული ყველა წარმომადგენელი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოები სამსახური, ასევე, კრიზისების მართვის სამსახური, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე უზრუნველვყავით არასამთავრობო სექტორის აბსოლუტური ჩართულობა. არა ისე, რომ უკვე მზა პროექტი გადაგვეგზავნა, როგორც ახლა მოხდა. თვითონ დებულებების დამუშავებაში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორი.
ასევე მივმართეთ ევროპის საბჭოს, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს რეგულირების გამოცდილება არ გვქონდა. ამ სფეროს ორი წამყვანი სპეციალისტი და ექსპერტი მოავლინეს ჩვენთან. ჩავატარეთ ორი საერთაშორისო კონფერენცია, ვიდრე შევქმნიდით კანონპროექტს და სწორედ ამის შედეგი იყო, რომ შევქმენით კარგი რეგულაციები და 2014 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის პროცესში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ახალი თავი გაჩნდა. შემდეგ ორ საერთაშორისო კონფერენციაზე ბრიუსელში და ბათუმში აღინიშნა, რომ საქართველომ მიიღო ამ სფეროში სანიმუშო რეგულაციები. მაგრამ მაშინ ჩვენ ღია დავტოვეთ ასეთი მუშაობის პირობებშიც კი სწორედ ამ ე.წ გასაღების საკითხი, ანუ ვის ხელში უნდა ყოფილიყო პერსონალური ინფორმაციაზე ტექნიკური წვდომის შესაძლებლობა. ჩვენ ასევე აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ოპერირებს. არა მარტო ზეპირი შეხვედრები და საუბრები, არამედ ყველა მათგანისგან წერილობითი პოზიციებიც მივიღეთ არსებით საკითხებზე.
მაინც ღიად დავტოვეთ ეს საკითხი, ვინაიდან, რამდენიმე ობიექტური გარემოების გათვალისწინებას საჭიროებდა. თუ რა დაფინანსება გამოიყოფოდა სამსახურის მოსაწყობად, რომელსაც ტექნიკური წვდომა უნდა ჰქონოდა, რა ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას შეძლებდა სახელმწიფო და ამ ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე უნდა მიგვეღო ოპტიმალური გადაწყვეტილება. ძირითადად, ორ ვარიანტზე იყო მსჯელობა. შეიქმნებოდა დამოუკიდებელი სააგენტო და მას განეხორციელებინა, თუ წავიდოდით იმ გზით, რაც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაშია და კონკრეტულ კომპანიებს ექნებოდათ წვდომის შესაძლებლობა და სასამართლოს განჩინება მივიდოდი ამ კომპანიებში. მე პირადად ვიხრებოდი სააგენტოს შექმნისკენ, ვინაიდან, ჩვენს პირობებში, ჩემი აზრით, ძნელი იქნებოდა ინფორმაციის არგაჟონვის გარანტირება კომპანიების შემთხვევაში“,- განმარტავს შალვა შავგულიძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მოსმენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მანკიერი პრაქტიკას აგრძელებს.
„როგორ მიუდგა „ქართული ოცნება“ ამ საკითხს? სულ რაღაც ორ კვირაში თავად, საკუთარი რესურსით ადგა და დაწერა ეს კანონი, შემდეგ გადაუგზავნა არასამთავრობო სექტორს და მგონი, წაკითხვაც ვერ მოასწრეს, ისე გაიტანეს პარლამენტში. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი არაფრად აგდებენ არც სტანდარტის დაცვას, არც არაფერ სხვას გარდა პარტიული ინტერესისა, რომ ჰქონდეთ წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე, რაც შემდეგ უნდა გამოიყენონ, როგორც პოლიტიკური ოპონენტების დასაშანტაჟებლად, ისე მედიის გასაკონტროლებლად და ა.შ
მარტივად დგას საკითხი. თუ დღეს „ქართული ოცნება“ გვარწმუნებს, რომ სუს-ი ამას არ გამოიყენებს ბოროტად და მხოლოდ სასამართლოს მიერ ნებადართულ ფარგლები მოიპოვებს ინფორმაციას. თუ ამას აპირებენ, მაშინ რაღატომ იტოვებენ ამ პასუხისმგებლობას და გასაღებს საკუთარ ხელში? მათთვის უკეთესი არ იქნება, რომ სუს-მა და სამართალდამცავმა სისტემამ მიმართოს სასამართლოს, სასამართლო რა ფარგლებშიც ნებას დართავს, ის მივიდეს დამოუკიდებელ ორგანოსთან და ამ ორგანომ მიაწოდოს მათ მოთხოვნილი პროდუქტი. ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ გასცემს. არ შეიძლება ზედმეტი პასუხისმგებლობა დაიტოვო, თუ აქედან რაღაც სხვა მიზნები არ გაქვს. ე.ი არალეგიტიმური მიზნებისთვის, ოპონენტების დასაშანტაჟებლად და დასაშინებლად ცდილობენ ამის გამოყენებას. ამის პრაქტიკა გასულ წლებში გვქონდა და სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომლის გამოსწორების დროშითაც მოვიდა ხელისუფლებაში“,- აღნიშნა შავგულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






