რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად ბოლო დროს პროცესები აქტიურდება. შეთანხმება 2011 წელს იქნა მიღწეული რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში, საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმდა შვეიცარიის წინადადების სანაცლოდ, რომელიც როკსა და ფსოუზე მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობდა. საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების გადაადგილების მონიტორინგს რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე სწორედ შვეიცარიული კომპანია SGS განახორციელებს.
რუსეთთან ამ ორი სატრანსპორტო დერეფნის აღდგენაზე აბაშიძე-კარასინმა ამ თვის დასაწყისში ისაუბრეს, მარტში კი თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიული კომპანიის SGS-ის ვიზიტს ელოდებიან.
აღნიშნულ საკითხზე ოპტიმისტური მოლოდინი აქვს მეზობელ სომხეთს, რომელიც რუსეთთან ტვირთბრუნვას საქართველოს გავლით ახორციელებს და საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი მოვლენების და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის გამო, მას ამისთვის მხოლოდ ერთი გზა ზემო ლარსი დარჩა. ოპტიმისტურად განწყობილი წავიდა საქართველოდან სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანიც. როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ზემო ლარსის ალტერნატივის საკითხზე მოელაპარაკა, თუმცა დამატებით დეტალების გამჟღავნება არ ისურვა:
„თუ თქვენ გაინტერესებთ იქნება თუ არა ლარსის ალტერნატივა, მე გარწმუნებთ, რომ დიახ ნამდვილად იქნება. დანარჩენზე შემდეგში ვილაპარაკოთ, ჯერჯერობით მე ფრჩხილებს ბოლომდე არ გავხსნი. ჩვენ მოვილაპარაკეთ როგორც ლარსზე, ასევე ენერგეტიკულ დერეფანზეც“- განაცხადა კარაპეტიანმა.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნულ საკითხს აფასებს „ახალი ერთობა საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე, რომელიც აცხადებს, რომ 2011 წლის ხელშეკრულებით აპელირება არ არის მისაღები და ეს ქვეყნისთვის მავნებლურიც კი გახლავთ:
“ჭორების დონეზე არ უნდა დავიდეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ აქტიურად მოდის ხმები იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მუდმივი მოლაპარაკებები აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გაფორმებაზე, ეს ცხადია და არ შეიძლება ამას ყურადღება არ მივაქციოთ, რადგან არ არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე. მაფიქრებს ის მინიშნება აბაშიძის იმაზე, რომ ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ის ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს დაიდო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშრებით, შვეიცარიამ რომ უნდა გააკონტროლოს საბაჟო მონაკვეთები. მინიშნება იმაზე, რომ ხელშეკრულება იყო და ამის იმპლემენტაცია უნდა გავაკეთოთ და რკინიგზა გავხსნათ, არ არის მართებული, ხელშეკრულება სრულიად სხვა რაღაცას ეხებოდა, იქ იყო მკვეთრად ნათქვამი ის, რომ უნდა გაკონტროლებულიყო ის ტვირთები, რომლებიც შევიდოდნენ აფხაზეთში და არაღიარებული ოსეთის ტერიტორიაზე, არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ტრანზიტზე, ეს საკითხი დაწერილი არ იყო, ეს შესაძლოა ცალკე შეთანხმებისა და მოლაპარაკების თემა ყოფილიყო, აქ მთავარი იყო ის, რომ საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაღწია იმას, რომ რუსეთი ირიბად აღიარებდა საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, ეს საზღვრები გეოგრაფიულად აღნიშნული იყო და რუსეთის საზღვართან მდებარეობდა, ეს ერთგვარად წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
ეს ხელშეკრულება იმიტომ დაიდო, რომ მაშინ მონდომებული იყო მთელი მსოფლიო, ძირითად აშშ და ევროპა, რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორები, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესულიყო, რადგან ეს დიდ მოგებას აძლევდა როგორც აშშ-ს და ევროპას, ასევე რუსეთს.
საქართველო ამ შემთხვევაში იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო, რადგან ყველა მხრიდან მასთან მიდიოდა მოლაპარაკებები. თავიდან წავიდა გარკვეულ დათმობაზე და მიიღო ბენეფიტები იმის სახით, რომ რუსეთმა ირიბად ცნო ჩვენი საზღვრები. რაც შეეხება ტრანზიტს, ამ ხელშეკრულებაში არც ერთი სიტყვა ტრანზიტზე ნათქვამი არ არის, აპელირება იმაზე, რომ ეს ნაციონალების დროს მიღებული ხელშეკრულებაა და ამ ფონზე ტრანზიტი უნდა გავხსნათ, აბსოლუტურად მიუღებელი და მავნებლურია. ვის ეკუთვნის ეს რკინიგზა? ვის იურისდიქციაში იქნება ეს რკინიგზა? რუსეთის თუ საქართველოს იურისდიქციაში? ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა. რთული სიტუაციაა და გაუგებარია რა უნდა მოიფიქრონ იმისათვის, რომ ეს კორიდორი გახსნან“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






