„მე შემიძლია, პატიოსნად ვთქვა, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან პროფესიონალი დიპლომატი. როგორც დიპლომატს, მას ჰქონდა ძალიან მაღალი კვალიფიკაცია. ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგეები, რადგან რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარეობდა აგრესიული ომი. ჩვენ ბოლომდე ვიყავით უშიშროების საბჭოში, მე ვიცავდი ჩემს სამშობლოს, ის კი ასრულებდა საკუთარი მთავრობის დავალებას, მაგრამ ამავე დროს, მე მასში ვხედავდი ადამიანს, რომელიც ძალიან განიცდიდა იმ პრობლემებს, რომლითაც ასე იყო გაჯერებული ქართულ-რუსული ურთიერთობები.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, როგორმე გამოვმძვრალიყავით ამ სიტუაციიდან. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, მაგრამ მე მასში ვხედავდი არამხოლოდ მოწინააღმდეგეს, ოპონენტს, არამედ მასში ადამიანსაც ვხედავდი. უშიშროების საბჭოში გამართული ძალიან მძიმე შეხვედრების შემდეგ კულუარებში ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, თუ როგორ შეიძლებოდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ვხედავდი, რომ მას უნდოდა და ცდილობდა, როგორც შეეძლო, რომ ეს ურთიერთობები არ გამოსულიყო სამხედრო წინააღმდეგობების ჩარჩოებიდან, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. განხორციელდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ამის შემდეგაც ჩვენ ვაგრძელებდით ურთიერთობას," - აღნიშნა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიამ ნიუ იორკში ჩურკინთან შეხვედრა გაიხსენა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ როგორც მას ასევე ჩურკინსაც ეჯერა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგება შესაძლებელია დაშვებული შეცდომების გააზრების შემდეგ.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება იყო პუტინის მხრიდან დანაშაული, ძალიან დიდი შეცდომა. ვფიქრობთ, რომ მას ეს ძალიან კარგად ესმით, მაგრამ მაშინ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ორივეს გვჯეროდა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობას მომავალი აქვს. მე ახლაც დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები, მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გავიზიაროთ ის, თუ რა შეცდომები დავუშვით,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






