საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, რომელსაც კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს და შეხვედრაზე განხილული თემების შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე გერი კონოლი და საქართველოს მეგობარი კონგრესმენები არიან. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს კონგრესის მიერ 2016 წელს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
„ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება,ასევე ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. საქართველოს პარლამენტი მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიანობის გაზრდას. ამასთან დაკავშირებით, ამერიკელ მეგობრებთან ვიმსჯელეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების კონკრეტულ შესაძლებლობებზე. შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






