ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს საქართველოს მოქალაქეებს აიღონ ელექტრონული მატარებლის შემცველი, ე. წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობა. თუმცა, იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით მოქალაქეებისთვის ასეთი პირადობის მოწმობის აღება სავალდებულოა.
„ჩვენ პლენარულ სხდომაზე დავაყენეთ ეს საკითხი. გამოგვეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ შეიძლება შეიქმნას კომისია ან ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. პრინციპული წინააღმდეგობა იუსტიციის მინისტრს ჩვენთვის არ გაუწევია. რაღაც ნაწილში დაგვეთანხმა კიდეც. იყო დაპირება ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც არ შესრულდა და ჩვენ წავედით სასამართლოს გზით,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ბრიფინგზე აღინიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებასა და „მოქალაქეების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონს შორის არსებული წინააღმდეგობის გასასწორებლად, „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განიხილა საჩივარი და განაჩენი კანონით დადგენილ, სამი კვირის ვადაში, 28 თებერვლისთვის იქნება ცნობილი.
„სწორედ ამ წინააღმდეგობას ვასაჩივრებთ და ვითხოვთ, რომ შეტანილი იქნას ცვლილება იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტში და მოქალაქეებს არჩევანის უფლება მიეცეთ, აიღონ პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლით თუ მის გარეშე. ჩვენ გვინდა, რომ პროცესს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შევხედოთ და დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს არჩევანის უფლება. ვიტოვებთ იმედს, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი და მოქალაქეებს გაუჩნდებათ ის ალტერნატივა, რომელიც ისედაც უზრუნველყოფილია კანონით და ექნებათ არჩევანის საშუალება ქაღალდის დოკუმენტსა და ელექტრონული მატარებლის შემცველ დოკუმენტს შორის. ჩვენ დაველოდებით თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღევანდელ ბრიფინგს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ესწრებოდა. დავით თრხან-მოურავმა ჟურნალისტებს საქმის დეტალები გააცნო და შესაბამისი განმარტებები გააკეთა.
"შეიქმნას ჩვეულებრივი შიდა პასპორტი, ქაღალდის პასპორტი, სადაც იქნება თავმოყრილი ნებისმიერი ინფორმაცია ადამიანის შესახებ,“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მასალის გამოყენების პირობები






