არსებული ინფორმაციით, საქართველოში გაზის ტარიფი გაძვირდება. თუმცა, რამდენით გაიზრდება ბუნებრივი აირის ღირებულება ჯერ ცნობილი არაა. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ გაზის ტარიფის ზრდას სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება, რაც ქვეყანაში სოციალურ ფონს მკვეთრად გააუარესებს.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ სატარიფო ცვლილება ზაფხულიდან განხორციელდება. აგვისტომდე გაზგამანაწილებელ კომპანიებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განაცხადები წარდგენილი ექნებათ. ამის შემდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება.
როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გოჩა შონია აცხადებს, 2017 წელს მოსახლეობას ახალი ტარიფები ექნება, რაშიც სემეკი კომპანიებისთვის ლარის გაუფასურების შედეგებსა და ქსელში განხორციელებულ ინვესტიციებს გაითვალისწინებს.
„წელს მოხდება გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სატარიფო რეგულირება. შესაბამისად, ამ კომპანიებისთვის ტარიფი გადაიხედება. ბუნებრივი აირის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2006 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. 10 წელია, გაზგამანაწილებელი კომპანიები ერთი და იმავე ტარიფით მუშაობენ.
მოგეხსენებათ, რომ შარშან ტარიფს ელექტროენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორში გადავხედეთ. ამ ეტაპზე აქცენტი გაზის გამანაწილებელ კომპანიებზე გავაკეთეთ. უფრო სწორად, წარმოვადგინეთ პროექტი და 31 მარტამდე აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების გამოთქმა შეეძლებათ, შემდეგ კი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ძალიან რთულია წინასწარ საუბარი, გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადი, ჯერ უნდა შევისწავლოთ კომპანიების სატარიფო განაცხადი. ტარიფი რომ გადაიხედება უდავოა, მაგრამ არ ვიცით, რა ცვლილებას მოვახდენთ", - აცხადებს შონია და დასძენს, რომ საფუძვლიანად მოხდება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, რის საფუძველზეც მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება“.
ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ისედაც დაბალი შემოსავალი აქვს და თითოეული თეთრით გაძვირებული გადასახადი მის სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად გააუარესებს.
ამასთან, ადგილობრივები არ გამორიცხავს, რომ ტარიფების გაძვირება ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია.
„ვერ გავიგე, რის ხაჯზე აკეთებენ ამას? რა გათვლებს ეყრდნობა? როდესაც დოლარი იაფი ღირდა, რატომ არ გააიაფეს გაზი? ხარისხი გაუმჯობესდა თუ რა მოხდა? არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ისედაც უხარისხო გაზში ვიხდით ფულს“.
„ჩემი ოჯახი გაზზე თბება და ძალიან ცუდია, რომ ფასები კატასტროფულად იმატებს. მოქალაქეებზე ყელში ხელის წაჭერა არ არის საჭირო. ცოტა ხომ უნდა შეიცოდონ ხალხი არაა?!“
„ჯერ გაძვირებული პროდუქტები, ახლა გაზრდილი გაზის გადასახადი, ჩემი ოჯახის ბიუჯეტისთვის პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი დარტყმა იქნება“.
„მთავრობამ ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის სხვა გზა ვერ გამოძებნა და ფასების ზრდის გზას დაადგა. ამისთვის ვიკლავდით თავს? მეტის ღირსი ვართ!“
„მარაზმების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი გაძვირებული და გაბანძებულია! რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ან რა აზრი აქვს ჩემს შეფასებას, ერთი სული მაქვს როდის დავაღწევ თავს ამ საგიჯეთს!.“
„ამას არ უნდა დიდი ექსპერტობა - ყველაფერი გაძვირდა, შეიძლება 10-20-30 თეთრით, მაგრამ ეს ჩვენს ჯიბეს სერიოზულად აზარალებს. ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე ვისაუბროთ, რომლის გარეშეც ჩვენი რაციონი წარმოუდგენელია: გაძვირდა ზეთი, ჩაი, ყავა, რძის პროდუქტები, ტკბილეული, ჰიგიენური საშუალებები“.
„ დიასახლისი ვარ და ვიცი, რამდენი სჭირდება ოჯახს, რომ ელემენტარული ხარჯები დაფაროს. ძნელია, ამ ყველაფერს გაუძლო და შვილებს ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნა. მით უმეტეს, ოჯახში მარტო ჩემი მეუღლე მუშაობს, მისი ხელფასი არც ადრე გვყოფნიდა, ახლა კი, მდგომარეობა უფრო გაგვირთულდა.“
„ძალიან გთხოვთ, ჩემი ვინაობა არ დაასახელოთ და ყველაფერს გულახდილად გეტყვით: რისთვის მივეცით ხმა ამ მთავრობას? - იმისათვის, რომ პენსია 10 ლარით გაეზარდა და სამაგიეროდ, ყველაფერი გაძვირებულიყო? მიხაროდა, ნორმალურ ცხოვრებას ამ სიბერეში მაინც ვეღირსები-მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით სასიკეთო ნიშნებს ვერ ვხედავ!“
გაძვირებაზე საუბრობენ მაღაზიებშიც. ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა, განაცხადა, რომ ყველა სახის პროდუქტზე ფასები მომატებულია.
„ ყველაფერი გავაძვირეთ, ბრინჯითა და ზეთით დაწყებული, ჯოხიანი კანფეტებით დამთავრებული. წიწიბურა იმდენად გაძვირდა, რომ ხალხი რომ შემოდის გვსაყვედურობს. ამბობენ, მალე პურიც გაძვირდებაო. ბოლო ორი თვის განმავლობაში სურსათი ჩვენს სუპერმარკეტში 10-დან 20 პროცენტამდე გაძვირდა. იგივე ხდება სხვა მაღაზიებშიც. მართალია, ეს ჩვენც არ მოგვწონს, მაგრამ ჩვენი მომმარაგებლები თითქმის ყველაფერს დოლარში ყიდულობენ, ისინი ჩვენ გვიძვირებენ და ჩვენც, იძულებული ვხდებით, ყველაფერს მაღალი ფასი დავადოთ“.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






