საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების შესწავლას გეგმავს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებების გამო, დაირღვა აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია.
"პირველივე დღიდანვე მეორე მხარის მხრიდან ვრცელდება საკმაოდ დეტალური ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. საუბარია ბრალდების მხარეზე. ანუ, აქ სწორედ თანასწორუფლებიანობის დარღვევაზეა საუბარი, ისევე, როგორც უდანაშაულობის პრეზუმციის. სასულიერო პირზე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი ბრალდებულისგან, არ ყოფილა საუბარი საერთოდ, თუმცა, რატომ გაჩნდა ეს ჩანაწერი და ჩვენ ყველამ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ეს ალბათ არის ის საკითხი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მათ შორის ის, თუ როგორ მოხდა, რომ თანამდებობის პირებს ქონდათ ასეთი ამომწურავი ინფორმაცია და რა თქმა უნდა, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული," - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველი ბრალდებისგან დამატებითი დეტალების გასაჯაროვებას, დაცვის მხარისთვის კი გაუთქმელობის პირობის გაუქმებას მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






