საუბარია დეკანოზ გიორგი მამალძის საქმეზე, რომლის მიხედვითაც დეკანოზი დაკავებულია მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის, საქმის დეტალების გახმაურებიდან რამდენიმე საათში მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფიინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პროკურატურას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის გარემოცვიდან ციანიდით პირის მკვლელობას გეგმავდა, განცხადების დასაწყისში შოთაძემ აღნიშნა, რომ წყაროს ინფორმაციით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლას აპირებდა.
აღნიშნულმა შექმნა შთაბეჭდილება იმის შესახებ, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იგულისხმებოდა. პროკურატურის განცხადებას სამთავრობო გუნდის კომენტარები მოჰყვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი საქმის დეტალებით თავიდანვე ინფორმირებული იყო და მისი ბრძანებით, ბერლინში პატრიარქისა და მისი გარემოცვის დაცვა გაძლიერდა. იუსტიციის მინისტრის თქმით თავიდან იქნა აცილებული დიდი ტრაგედია, რომელიც ქვეყანას რთულ სიტუაციაში ჩააყენებდა, კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ ამ დანაშაულში დამნაშავე პირი უმკაცრესად დაისჯება კანონის წინაშე.
ორი დღის განმავლობაში პროკურატურა განცხადების დეტალებზე განმარტებას არ აკეთდებდა, თუმცა, გაჩენილი კითხვების შემდეგ, პროკურატურამ გუშინ განმარტა, რომ ირაკლი შოთაძეს არ უსაუბრია მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე და პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთ-ერთი პირის მკვლელობას გეგმავდა.
შეფასებისთვის „ნიუპოსტი“ სამართლის ექსპერტს ლევან ალაფიშვილს დაუკავშირდა, ალაფიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურამ აღნიშნული განცხადებით, სახელმწიფო და საზოგადოება გაურკვევლობაში ჩააგდო, მთავრობის უმაღლესმა პირებმა კი საკუთარი განცხადებებით კიდევ უფრო გაამწვავეს ვითარება:
„მართალია დღეს დააზუსტა პროკურატურამ ორ მედიასაშუალებასთან, რომ საუბარი არ ყოფილა მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, შესაბამისად, თითქოს სცადა ნათელი შეეტანა ამ ყველაფერში, რითაც გულწრფელად რომ ითქვას, მეტად დაამძიმა სიტუცია, გააჩინა დამატებითი კითხვები, რომლებიც პირველ რიგში სახელმწიფოს, პროკურატურის, სამართალდამცავი სისტემის და მთავრობის იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ნიშანდობლივია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, საზოგადოება ამყოფა ამ მდგომარეობაში, თუ დაუზუსტებელი იყო, თუნდაც საჯაროდ შეეძლოთ გაეკეთებინათ განცხადება. მინიმუმ ორი დღეა საზოგადოება შოკშია, არის სხვადასხვა ინტერპრეტაციები. პოლიტიკურ სპექტრშიც, მმართველ ძალაშიც და მთავრობაშიც, პირველი პირველის დონეზე, საუბარი, პროკურატურის თავდაპირველი განცხადებიდან გამომდინარე თუ დამატებითი ინფორმაციიდან გამომდინარე, ეხებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლეს სასულიერო იერარქზე და იყო მინიშნება პატრიარქზეც. რა თქმა უნდა ფორმალური გაგებით, ვებ-გვერდზე განთავსებულ პირველად განცხადებას თუ წავიკითხავთ, სახელდებით არ არის მითითებული პატრიარქი, ერთიანად რომ წავიკითხავთ განცხადებას, შთაბეჭდილება რჩებოდა სწორედ ამგვარ აღქმაზე. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო სახელმწიფომ თავი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დააზარალა საკუთარი იმიჯი, ნდობა. არ ვიცი, როგორ უნდა იმართლოს თავი პრემიერმა, პოლიტიკოსებმა, პროკურატურაზე აღარ ვსაუბრობ. პროკურატურისა და სამართალდამცავის სისტემის უმთავრესი გამოწვევა ნდობის აღდგენაა, ბოლო პერიოდის განმავლობაში არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე მრავალი კითხვის ნიშანია გაჩენილი. ამ ტიპის საქმეზე მეტი სიფრთხილე რომ გამოეჩინა, კარგი იქნებოდა. გარდა მთავრობისა და სამართალდამცავი სისტემის დაზარალებისა, უმძიმეს პროცესებს დაუდო სათავე, რასაც ჰქვია საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე პროცესების გარეთ გამოტანა, ან ამ გზით საპატრიარქოზე გავლენის მოპოვება და საზოგადოებაში გარკვეული მიმართულებით დებატების წარმოება. ეს კარგ შედეგამდე არ მიიყვანს თვითონ ხელისუფლებას“, - განმარტა ექსპერტმა.
ირაკლი შოთაძის თქმით ამ საქმეს გრიფი არ ადევს, თუმცა დაცვის მხარესა და საქმის მოწმეებს გაუთქმელობის შესახებ ხელწერილები აქვთ დადებული. დეკანოზის უფლებადამცველები და ბრალდების მხარე არათანაბარ სიტუაციაში არიან აღნიშნულის გამო. ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყოველივე არის ფორმალური და დაცვის მხარეს სრული უფლება აქვს დააზუსტოს პროკურატურის სამჯერ გაკეთებული სხავადასხვა განმარტება იმის შესახებ, თუ ვინ იგულისხმება პირში, რომლის მკვლელობასაც დეკანოზი გიორგი მამალაძე გეგმავდა:
„ფორმალური გაგებით, შეიძლება მართლაც ვიმსჯელოთ გაუთქმელობაზე და ამ კონტექსტში თუ დაცვის მხარეს არ აქვს საშუალება დაიცვას თავი თუნდაც განცხადებებით, უარყოს თუნდაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, ბუნებრივია აქ დაცვის უფლება დარღვეულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ფორმალური გაგებაა, რაც შეეხება შინაარსობრივ გაგებას, სწორი იქნება ასე თუ მივუდგებით, ამ მხრივ, ჩემი კოლეგების ადგილზე რომ ვიყო, მე უფრო თამამი ვიქნებოდი, რადგან ეს ვალდებულება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ფაქტობრივად უფლების გარეშე დატოვებას და მეორე, ეს ვალდებულება, მოქმედებს საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას კონკრეტული დოკუმენტის გამჟღავნებისას, თუ საჯარო სივრცეში გაისმის კონკრეტული ბრალდებები, მაგალითად მთავრი პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადება, სამი სხვადასხვა განცხადება, უმაღლეს სასულიერო პირზე, სასულიერო პირზე და მოხლოდ პირზე, ამის დაზუსტება ხომ შეიძლება უბრალოდ? ამას მე თავდაპირველადვე დავაზუსტებდი და ამაში ვერავინ შემომედავებოდა, ჩემს მხარეს იქნებოდა კანონიც, კონსტიტუციაც და სასამართლოც“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






