პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისათვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძის განცხადებით მნიშვნელოვანია იმის გაგება, კომისიის რომელი წევრი პრეზიდენტის არჩევის რომელ მოდელს იჭერს მხარს:
„საკონსტიტუციო რეფორმა ხორციელდება ხელისუფლების პოლიტიკური ძალაუფლების შესაბამისი სურვილების კონსტიტუციაში ჩაწერის მიზნით, სარეიტინგო კენჭისყრა კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ზუსტად დავინახოთ კომისიის რომელი წევრი პრეზიდენტის არჩევის რომელ მოდელს ემხრობა. სხდომაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველოს პრეზიდენტს აღარ გააჩნდეს მთავარსარდლის სტატუსი და უფლებამოსილება“- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
„პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის შენარჩუნება არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის. ამ დამოუკიდებლობაში იგულისხმება პირველ რიგში არჩევითობა, რადგან ხალხის მიერ მიცემული მანდატი აძლიერებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ასევე იგულისხმება მთავარსარდლის ფუნქცია, საგარეო საქმეებში ფუნქცია და სასამართლოებში კანდიდატების წარდგენის ფუნქცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ კონსტიტუციაში მეტნაკლებად სწორად არის ეს გაწერილი, რა თქმა უნდა, დახვეწა და შეცვლა შეიძლება, მაგრამ არა ჩამორთმევა და შესუსტება.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ მისი პარტია ყველაფერს ეცდება, რომ პრეზიდენტისთვის ამ ფუნქციების შენარჩუნება მოხდეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია და აცხადებს, რომ აღნიშნული პროცედურა რეგლამენტით არაა გათვალისწინებული. ბესელიას თქმით ის თავად მტკიცე საპარლამენტო მოდელის მომხრეა. უმრავლესობის წევრები ასევე უარყოფენ იმასაც, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტისთვის მთავარსარდლის ფუნქციის ჩამორთმევას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






