საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბერლინში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფ პატრიარქს მოინახულებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს საავადმყოფოში ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათისთვის ელოდებიან.
როგორც ცნობილია გიორგი კვირიკაშვილთან ერთად იქნებიან მიხეილ ჯანელიძე და თედო ჯაფარიძე. გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩადის, თუმცა საგანგებოდ ილია მეორის სანახავად თავდაპირველად ბერლინში ჩაფრინდება.
საქართველოს პატრიარქის მკურნალი ექიმების განცხადებით, უწმინდესი და უნეტარესი ამ დროისათვის თავს კარგად გრძნობს და მას ორშაბათს კლინიკიდან გაწერენ.
„ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს გარეშე პირთა კონტაქტი, მაგრამ ალბათ პრემიერ-მინისტრისთვის განსაკუთრებული პირობები იქნება და ეპიდრეჟიმის დაცვით მოხერხდება მისი აუდიენცია უწმინდესთან,“-განაცხადა ცისანა შარტავამ.
მასალის გამოყენების პირობები






