მოსამართლე ნაზღაიძის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა ირაკლი აბესაძე. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
აბესაძის განცხადებით, გამოკითხვა შეეხო ნაზღაიძის ოჯახის წევრისთვის გადაცემულ კომპენსაციას:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად „ქართული ოცნება“ და ამ შემთხვევაში მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა ძალიან შეურაცხმყოფელ სიტუაციაში აგდებს იმ პროფესიონალ გამომძიებლებს, რიგით სამართალდამცავებს, რომლებსაც ევალებათ ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების გაპრავება და იმ ჩინოვნიკებზე გადაფარება, რომლებიც არიან დაკავებული კორუფციით და მექრთამეობით. ვისაუბრეთ იმავეზე, რაზეც საჯარო სივრცეში ვსაუბრობთ ამდენიხანია, რომ თბილისის მერიას არც ერთი საფუძვლით არ ჰქონდა საშუალება, გაეცა კომპენსაცია ერთი მილიონის სახით, თუ თბილისის მერია გადაუდებელი აუცილებლობით მოახდენდა ნაკვეთის ჩამორთმევას, თბილისის მერიის მიერ დაკვეთით ღირებულება იყო 23 ათასი ლარი, 50-ჯერ უფრო მეტი კომპენსაცია გასცა თბილისის მერიამ, ვიდრე ეს იყო დადგენილი სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, თუ ვსაუბრობთ კომპენსაციის გადახდის წესზე, მაშინ ნაზღაიძე სტიქიით არ დაზარალებულა და მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი განტავსებული არ იყო, რაც სავალდებულო წინაპირობაა კომპენსაციის გასაცემად. კომპენსაცია გადახდილ იქნა მხოლოდ იმიტომ, რომ დავით ნარმანიამ ასე გადაწყვიტა. პროკურატურის მხრიდან გვაქვს ძალიან გულგრილ დამოკიდებულებასთან საქმე, ამ მძიმე კორუფციულ ფაქტთან დაკავიშირებით, იმის ნაცვლად, რომ დროულად მიემართა სასამართლოსთვის, ამის ნაცვლად პროკურატურა და ქართული ოცნება ცდილობს გადაფაროს ეს პრობლემა მოგონილი საქმეებით. პროკურატურა ცდილობს როგორმე ჩამოაცილოს ამ საქმეს მოსამართლის გვარი და მისი ოჯახი, ამ ფაქტებს პროკურატურა ვერ გაექცევა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






