ჟურნალისტმა ჩვენთან საუბარში თითქმის დაადასტურა, რომ დეკანოზი მან ჩაწერა. მამალაძე ამ ფაქტს "მაღალი ზნეობრივი პრინციპებით" ხსნის.
"რუსთავი 2 ისთვის ტეხავს და ცუდი ტონია თურმე, რომ ჩანაწერი გააკეთა ჟურნალისტმა, ამ დონემდე დავიდნენ? საქმეში დევს მასალები და ყველაფერი განსაჯაროვდება, მაშინ როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ. რაც შემეხება მე, მე ვარ კანონთან, ღმერთთან და ჩემს მორალურ პრინციპებთან მართალი . დიდი ბოდიში მაგრამ თუ ჩავწერე, ჩავწერე იმიტომ, რომ გამაჩნია მაღალი ზნეობრივი პრინციპები და ამ საქმეს შევხედე მაღალი ზნეობრივი სტანდარტიდან, იქიდან გამომდინარე რომ იყო უპრეცენდენტო, უმძიმეს დანაშაულზე საუბარი და მე სხვა არჩევანი არ მქონდა"- აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.
მისი თქმით, ამ საქმეში საგამოძიებო ორგანოს უამრავი მოწმე ჰყავს.
"ამასთან საქმეში არსებობს უამრავი მტკიცებულება და მოწმე, ამას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს"- თქვა გახმაურებული საქმის ერთ-ერთმა მოწმემ.
"ნიუპოსტი" ასევე დაინტერესდა, ფარულ ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ ირაკლი მამალაძემ გააკეთა, დეკანოზი პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილზე ხომ არ საუბრობს? (გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ედება. ავტ.)
"მნიშვნელობა აქვს ამას? ადამიანზეა საუბარი. ჟურნალისტებმა უნდა დასვათ კითხვები. გერმანიაში რატომ მიჰქონდა (ციანიდი), გერმანიაში პატრიარქიც იყო, რატომ არ შეიძლებოდა პატრიარქი მოეწამლა. რატომ უნდა მოეწამლა შორენა?"- განაცხადა ჟურნალისტმა.
ირაკლი მამალაძეს კითხვებს უჩენს ის გარემოება, რომ დაკავებული დეკანოზი ამ დრომდე დუმილის უფლებას ინარჩუნებს.
"ციხეშია თუ კელიაში, დუმილის უფლებას რომ იყენებს, გამოვიდეს და თქვას, რას უმზადებდა, ვისთვის ამზადებდა? დანაშაულია აღიკვეთა. ამის შემდეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვისთვის იგეგმებოდა ეს? პროკურატურას ასე ცალსახად შეუძლია გამოაცხადოს, რომ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა უნდოდაო? ჩემთვის არ არის ცნობილი ვისი მოწამვლა იგეგმებოდა, მე ერთი ვიცი, რომ იგეგმებოდა დანაშაული და კეთილსინდისიერმა მოქალაქემ ამ დანაშაულის შესახებ აცნობა შესაბამის ორგანოებს... მე ვამხილე დანაშაული"- დასძინა პროკურატურის მოწმემ.
მამალაძე ტელეკომპანია ,„რუსთავი 2-სა” და ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.
"მე მაქვს ოფიციალური "სქრინშოტები", რას მწერდა ნოდარ მელაძე"- აღნიშნა ჟურნალისტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი მამალაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის წყაროს ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებული ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალძემ ჩაწერა.
პროკურატურაში საკანდალური საქმის ირგვლივ დამატებითი კომენტარები არ კეთდება. ორშაბათს გამრთულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ: "2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ. ციანიდით მაღალი სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა".
ამასთან ტელეკომპანია, რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ილია მეორეს გაუგზავნა.
გავრცელებული წერილის მიხედვით გიორგი მამალაძემ პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






