როგორც ახვლედიანმა "ნიუპოსტს" განუცხადა, მას შეხვედრა "მათ შორის სუფრასთან" არაერთ მაღალი რანგისა და თნამდებობის პირთან ჰქონია.
"ძალიან საინტერესოა, გამოძიებას ჩემთვის არაფერი უცნობებია და დეპუტატებს აცნობა. არ გაინტერესებთ თქვენ, პარლამენტარებს ჰკითხოთ, საიდან აქვთ ჩემზე ადრე ინფორმაცია, რა ხდება გამოძიებაში, როცა მე უნდა ვიყო პირველი დაინტერესებული პირი? მე არავინ დამკავშირებია არავინ საერთოდ. ჩემთვისაც სიურპრიზია, ტელევიზორში ვისმენ, გამოდის პარლამენტარი და რაღაცეებს საუბრობს. აუდიოჩანაწერში ჩემთან თანხაზე საუბარი არ არის"- განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, "უკანონოდ მოპოვებული აუდიო ჩანაწერი დღესაც ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში".
"პირადი საუბარი ამდენი ხანი დევს ინტერნეტსივრცეში, გამოძიებას ის არ აუღია, მაინც და მაინც შიშველი ადამიანი უნდა გამოჩნდეს, რომ აიღონ ჩანაწერი?! ლოგიკურად მინდა გკითხოთ, ვინ აკეთებს ამას? მუდმივად საუბარია, რომ ვიღაცა თანხას მთავაზობს, გამოძიება მასალის მოპარვასა და გავრცელებაზე მიმდინარეობს და დღეს ვიგებთ, რომ თურმე გამოძიებამ დაადგინა, რომ საუბარი ავთენტურია.
საუბარია 4-5 ჩანაწერზე, რაც აღვიდგინე ეს არის 5 საათიანი სუფრა, სუს-ს თავიდან ბოლომდე ექნება, რადგან ჩემი აზრით ჩანაწერი სუსის ერთ-ერთი აგენტის სახლშია გაკეთებული. თავიდან ბოლომდე ექნებათ ეს ჩანაწერი ბევრ საინტერესო თემას გაიგებს ახვლედიანისგან კი არა, არამედ რას საუბრობს გვარამია და სხვა ადამიანები რუსთავი 2 -ზე და ბევრ საინტერესო თემაზე. ალბათ ეს აინტერესებს ვიღაცას, მე არაფერ შუაში ვარ, ჩემთან არავის არ ჰქონია შემოთავაზება და არც არავინ დამკავშირებია მსგავს თემაზე"- უთხრა "ნიუპოსტს" ახვლედიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მას კომუნიკაცია მთავარ პროკურორთან არაერთხელ ქონია.
"გვარამიას თუ 4-5 - ჯერ შევხვდი, ირაკლი შოთაძეს 100 - მდე შევხვედრილვარ, ირაკლი ღარიბაშვილთან და ბევრ საინტერესო ადამიანთან ამ ქვეყანაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - თანხა არავის შემოუთავაზებია ჩემთვის. არც ერთი და არც მეორე მხრიდან. ახლა ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ რას საუბრობს და ვინ რას სთავაზობს ერთმანეთს. ჩანაწერს მოუსმინეთ - კი ბატონო, ვლანძღავ-ვაგინებ სასამართლო სისტემას იმიტომ, რომ იმსახურებს სასამართლო სიტემა, პირად საუბრებში სხვა ადამიანებთან. თანხაზე, რაზეც ეს ლაწირაკები ბოდავენ, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. უნდა ვთქვა რომ არა?! თან რაში უნდა გადაეხადა ნიკა გვარამიას - სკანდალურ წასვლაში, მე წავედი სკანდალურად? რამდენი ავადმყოფი იქნება, მგონი თანამდებობაზე ისე ნიშნავენ ავადმყოფობის ცნობას არ სთხოვენ, მათზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, მე ჩემს ქმედებაზე ვაგებ პასუხს"- განმარტა მამუკა ახვლედიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მან სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა გაასაჯაროვა, რაც "სკანდალი არ არის".
"ერთადერთი განცხადება გავაკეთე იმაზე, რომ არასწორად ხდება დანიშვნები და მეორე ტესტები და კაზუსები რომ გაიცა, ეს ყველამ იცის. მე მეტი განცხადება არ გამიკეთებია. სად არის ჩემი სკანდალური გადადგომა, რაშიც 6 მილიონი უნდა ამეღო? რა საქმე უნდა შემესრულებინა და რა კავშირი შეიძლება მქონოდა რამესთან? ამაზე კითხვის დასმაც კი დამამცირებელია და ამაზე კომენტარის გაკეთებაც. შევცდი, რომ ამაზე აქამდე ვაკეთე კომენტარები. სირცხვილია მსგავსი სინდისისა და ნამუსის ადამიანებს აუხსნა რაღაც, რადგან ვერ გაიგებს. ვისაც უნდა ნახავს იმ ჩანაწერს და გაიგებს, რა განწყობა მაქვს სასამართლო ხელისუფლების მიმართ და თუ ვინმე, ვინმეს რაღაცას სთავაზობს"- განაცხადა ახვლედიანმა, რომელიც ამბობს, რომ "ვიღაცა, ავადმყოფი ადამიანები სცენარს წერენ და ჩემდაუნებურად უნდა მივიღო მონაწილეობა".
"არ ვაპირებ ამ სისულელეში მონაწილეობა, მერწმუნეთ ყველას მოეკითხება პასუხი თავის ქმედებაზე. მოსამართლეა ეს თუ არხის დირექტორი, სასამართლოს თავმჯდომარე თუ პარლამენტის ვიღაცა და რაღაცა, რომლებსაც ჰგონიათ რომ თანამდებობა მემკვიდრეობით მიიღეს - ძალიან ცდებიან, გამოჩნდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა"- აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დაკითხვაზეა დაბარებული. მისი დაბარება ფარული ჩანაწერების შესახებ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ შსს-მ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის.
შსს-ს განცხადების შემდეგ, განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" ლიდერმა. არჩილ თალაკვაძე პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






