საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.
თურქ ვიცე-პოლკოვნიკს საქართველოში ყოფნის ექვსთვიანი ვადა ამოეწურა და მისი როტაცია განხორციელდა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ტოლგა კიპიმ შეცვალა, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიპს წარმატებები უსურვა და ყურადღება გაამახვილა თურქეთსა და საქართველოს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას SNGP-ის პაკეტის უცხოელი წარმომადგენლები, ასევე სამხედრო პოლიციის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






