„სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე ნაყოფიერი შეხვედრა გამართა, რომელზეც კონსტიტუციის პირველი და მეორე თავის ძირითადი ნაწილის და სახალხო დამცველის საკითხის განხილვა უკვე შედგა. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ გავდივართ ყველა საკითხს, ვუსმენთ მოსაზრებებს და შემდეგ როცა ამოვწურავთ პირველი ჯგუფის კომპეტენციების საკითხებს, როგორიცაა კონსტიტუციის პრეამბულა, პირველი, მეორე და სასამართლოს თავი, ასევე გარდამავალი და დასკვნითი დებულებები, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავდივართ დოკუმენტს, სადაც წარმოდგენილია ალტერნატივები და რედაქციები. დაახლოებით ორ კვირაში აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ისევ შეიკრიბება, სადაც უკვე ალტერნატიული წინადადებების განხილვა მოხდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხდომის დასაწყისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი კონსტიტუციის 36-ე მუხლის განხილვის პროცედურით დაინტერესდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღნიშნული მუხლი, რომელიც ქორწინების საკითხებს არეგულირებს, სამუშაო ჯგუფის მომდევნო სხდომაზე ალტერნატიული წინადადებების განხილვით გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფი კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებზე მუშაობას დაასრულებს. აღნიშნული თავი 35-ე მუხლს მოიცავს და იგი საქართველოს მოქალაქეობას, ადამიანის პირად ცხოვრებას, გამოხატვის თავისუფლებას, სახალხო დამცველის საკითხებს და ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს შეეხება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნინო კალანდაძის თქმით ხელისუფლების მიერ წამოყენებული საკითხები ემსახურება ინტერესს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლების უზურპაცია მაქსიმალურად მოახდინოს.
მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის გიორგი ტუღუშის თქმით არ უნდა მოხდეს სტანდარტების დასუსტება და კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები უნდა მოემსახუროს ადამიანის უფლებების სტანდარტების დახვეწას და კიდევ უფრო ზემოთ აწევას:
„იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება დასუსტება იმ სტანდარტების, რომლებიც მეორე თავშია ასახული და პირიქით, თუკი რამე ჩაიდება კონსტიტუციაში უნდა მოემსახუროს ადამიანის უფლებების სტანდარტების დახვეწას და კიდევ უფრო ზემოთ აწევას. საზოგადოებრივი მაუწყებელი რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული კანონმდებლობით, იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც იგი არსებობს, მას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრი გიორგი ტუღუში.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მედიის თავისუფლებას ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დისკუსიის დაწყება ინიციატივაზე შესაძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები






