მამა გიორგისა და პატრიარქის დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მეორე დღეა ვრცელდება. შს სამნისტრომ ნიუპოსტს განუცხადა, რომ არც ოხანაშვილი და არც მამა გიორგი მამალაძე მათ არ დაუკავებიათ.
რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად ემზადებოდა. ამ დრომდე უცნობია რომელმა უწყებამ, ჩაატარა დაკავების ოპერაცია. მთავარ პროკურატურაში კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
,,სახლიდან წავიდა თბილისში. არ ვიცით არაფერ, თქვენგან მესმის პირველად, არავის არ დაურეკია არაფერზე“ - აცხადებენ მამა გიორგის ოჯახის წევრები.
კლინიკაში აცხადებენ, რომ სამი დღის განმავლობაში ის არ მისულა. მისი დაკავების შესახებ მედპერსონალმა არაფერი იცის.
რუსთავი 2-ის წყაროს ცნობით, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, მამალაძის დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალაქ ბერლინში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა, რომელმაც საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, იოსებ ოხანაშვილს საქართველოში დაბრუნება მოსთხოვა, რადგან მთავარ პროკურატურას ოხანაშვილთან კითხვები ჰქონდა. წყაროს ცნობით სოსო ოხანაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად შაბათს გამოცხადდა და მისი 4 საათიანი დაკითხვა გრიფით საიდუმლო საქმეზე მიმდინარეობდა, ხოლო კითხვები პატრიარქის უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა.
ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ ოხანაშვილმა დღეს გამთენიისას საქართველო დატოვა და ისევ გერმანიაში გაემგზავრა. სოსო ოხანაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა.
მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ასევე გერმანიაში იმყოფება პატრიარქთან ერთად, თუმცა ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არც ის პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები






