გუშინ, გვიან ღამით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემის სოფელ ჯიხანჯირში მცხოვრები, გელა გურგენაძე და მისი მეუღლე ეკა ჭითაშვილი, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა, შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა დააყაჩაღა და სასტიკად სცემა.
ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში აცხადებენ, რომ ცოლ-ქმრის მდგომარეობა ამ წუთებში დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"45 წლის გელა გურგენაძე და 42 წლის მისი მეუღლე ეკა ჭითაშვილი ჩვენთან 11 თებერვალს, დილის 2 საათზე შემოიყვანეს. აღენიშნებოდათ ძლიერი დაჟეჟილობები თავის არეში. დაუმუშავდათ ჭრილობები და ამჟამად მკურნალობას განაგრძობენ სტაციონარში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. დაზარალებულებს იცავს პოლიცია"-გვითხრა აღნიშნული კლინიკის ქირურგმა.
დაზარალებულების ჟურნალისტებთან გასაუბრება, მათი მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.
გურგენაძის დედა ყვება, რომ მისი შვილი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს:
"როცა მეუღლეს ურტყამდნენ და ფულს ართმევდნენ, გელა გაიქცა, მას დაედევნენ და ჭიშკართან დაეწიეს, ისე ძლიერად ურტყამდნენ იარაღის კონდახს თავში, რომ ერთერთი დარტყმისას იქვე, მდინარეში გადავარდა. ყაჩაღებმა იფიქრეს, რახან არ ინძრეოდა, მოკვდაო და სახლში შემობრუნდნენ და მეუღლის სასტიკად ცემა განაგრძეს. ჩემი შვილი არსად არ მუშაობს, მხოლოდ სახლში, ბარი და თოხი. პატარა თხილის ფული გვქონდა შემორჩენილი და ის წაიღეს"-ამბობს ქალბატონი ციალა გურგენაძე.
მეზობელი ია გუჯაბიძე: "გვიანი ღამე იყო, გვეძინა, ამ დროს გელა შემოვარდა, წელსზევით შიშველი, საშინელ მდგომარეობაში, სულ სისხლში იყო ამოთხვრილი, მხოლოდ თვალები უჩანდა. მიშველეთო ყვიროდა. ჩემმა ქმარმა თოფი ისროლა, გადავედით შემდეგ გელას სახლში და მისი მეუღლე უარეს მდგომარეობაში ვნახეთ. დავრეკეთ პოლიციასა და სასწრაფოში".
გურგენიძის და იხსენებს მისი ძმის ნთქვამს, რომ გონზე მდინარეში ჩავარდნის შემდეგ, წყალმა მოიყვანა და მეზობელთან რის ვაი ვაგლახით მიხოხდა.
შეიარაღებულმა პირებმა გელა გურგენაძეს და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი ოჯახისგან ფულს ითხოვდნენ. მეუღლემ გაქცევა მოახერხა, თუმცა მას გზაში დაედევნენ, სცემეს და იქვე მდინარეში ჩააგდეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი, ეკა ჭითაშვილმა მოახერხა მეზობელთან მისვლა და სწორედ მეზობელმა გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. სახლში მისულებს კი გელა გურგენაძე ნაცემი და გონებადაკარგული დახვდათ. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია 220 ლარი.
ცოლ-ქმარი ლანჩხუთის კლინიკაში მოათავსეს, სადაც სტაციონალურ მკურნალობას გადიან.
ექიმების თქმით, მათ თავის არეში ძლიერი დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
თეა იოსელიანი
მასალის გამოყენების პირობები






