,,მაგთიში“ აცხადებენ, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი იყო ავტორიზებული პირების ჩართვა.
"კანონპროექტის საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე,მიუღებლად მიგვაჩნია მისი განხილვა ავტორიზებული პირების მონაწილეობის გარეშე,ვინაიდან კანონპროექტით დაკისრებული მძიმე ვალდებულებების სრულყოფილად აღსრულება შეუძლებელია,"- ნათქვამია მაგთის განცხადებაში.
განცხადება გაკეთდა ,,ბილაინშიც“, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ფარული მოსმენების შესახებ ახალი კანონპროექტი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
„კანონპროექტით სააგენტოს უფლებამოსილება ენიჭება ავტორიზებული პირის მფლობელობაში არსებულ სასადგურე და ქსელურ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს, დაამონტაჟოს აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები როგორც კომუნიკაციის რეალურ დროში მიწოდების, ასევე გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში იდენტიფიცირების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ავტორიზებულ პირს არ უნდა მოეთხოვოს დამატებითი აპარატურის თუ პროგრამული უზრუნველყოფის განთავსება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე, თავისი ხარჯებით. კანონპროექტი არც იმას ითვალისწინებს, რომ განთავსებული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს თავსებადი იმ ოპერატიულ გარემოსთან, სადაც ხდება მისი ინტეგრირება და ფუნქციონირება. შესაბამისად, სააგენტოს იმპერატიული მოთხოვნა ამგვარ განთავსებაზე სრულიად მიუღებელია და ის საფრთხეს უქმნის ავტორიზებული პირის არსებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას,“ - ნათქვამია ბილაინის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
კანონპროექტი მიუღებელია კომპანია ჯეოსელისთვისაც, სადაც აცხადებენ, რომ მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა უმთავრესი ფასეულობაა.
"საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობიდან გამომდინარე აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ავტორიზებული პირების ჩართულობის და მათი მონაწილეობის გარეშე არის ყოვლად მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ჯეოსელის, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენლის უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანთა უფლებების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა,"- აღნიშნულია ჯეოსელის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






