სხდომას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
დღესვე გაირკვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციები პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ შეხვდებიან.
„დღევანდელი მოდელით მაინც ბოლომდე არ არის გამიჯნული გამოძიება და სააგენტო და რაც მთავარია, კონკრეტულად, ვინ იქნება პასუხისმგებელი სააგენტოს სამუშაოზე. ჩვენ ამის იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებთ, იმიტომ, რომ, ნაწილობრივ, სუს-ი აკონტროლებს, თუმცა პრემიერი ნიშნავს და ათავისუფლებს სუს-ის უფროსის წარდგენით. ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ცალსახად იყოს იდენტიფიცირებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ სააგენტოს ხელმძღვანელისა, რაც გულისხმობს, რომ სააგენტო პირდაპირ ემორჩილებოდეს პრემიერს, პრემიერი ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს სააგენტოს უფროსს,“- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ოპოზიციასთან ფრაქციის ფორმატში პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე დაგეგმილია.
"რაც შეეხება უმრავლესობის ფრაქციებს, გვიან ღამით მათ უარი თქვეს კონსულტაციებზე, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიზეზი მათ ჰკითხოთ. არის ხოლმე პრეტენზია, რომ წინასწარ რატომ არ გვეუბნებით თუკი რაიმე შენიშვნები და მოსაზრებები გაქვთ, როდესაც წინასწარ ვიწყებთ ამ ყველაფერზე საუბარს მაშინ გვეუბნებიან, რომ თურმე არ არის საჭირო წინასწარი კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა.
ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე კომენტირებისას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ლევან ბოძაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტში არაერთი საკანონმდებლო ხარვეზია.
"აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, ერთ-ერთს გამოვყოფდი - ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობებთან, სხვადასხვა კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიების, სამეწარმეო ინტერესებისა და ზოგადად, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას შორის უნდა იყოს და შესაბამისად ამ საკანონმდებლო პაკეტში ეს ბალანსი კარგად უნდა იყოს ასახული. არის არაერთი საკანონმდებლო ხარვეზი, იგივე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, რომელიც გასასწორებელია"- აღნიშნა მან.
რაც შეეხება უმრავლესობას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, სოფო კილაძისთვის უცნობია, თუ რატომ თქვეს დეპუტატებმა შეხვედრაზე უარი.
სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონპროექტი აბსოლუტურად უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის.
მისი თქმით, თუ პარლამენტში მიმდინარე განხილვებისას რაიმე ახალი და არსებითი საკითხი იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა მასზე იმსჯელებს.
”ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და მასში ყოფილიყო ბევრი ადამიანი ჩართული. ეს ის მოდელია, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. თუ რაიმე საკითხი იქნება ახალი და არსებითი, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ. პროექტი, რომელიც გვაქვს შემუშავებული, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სახით უნდა მივიღოთ. ეს მოდელი, რაც მე მოვისმინე, არის საუკეთესო”, - განაცხადა კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






